არასდროს ვაპატიებ
მერე კი ვიცით რაც მოხდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, მაგრამ ყიფიანს ერთი წუთიც არ უთამაშია. ლობანოვსკიმ ბოლომდე სკამზე დატოვა, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ქართველს მედალი არ შეხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილისათვის მატჩში ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრებს 2:0-ს უგებდნენ, ერთი წუთიც ვერ გაიმეტა მისთვის. „ეს ლობანოვსკის შურისძიება იყო კომუნისტების მიმართ. ოლიმპიადაზე მე და ყიფიანი გვერდიგვერდ ვცხოვრობდით, საერთო აივანი გვქონდა, საღამოობით ერთად ვიჯექით და ვეწეოდით. ყიფო იმ დღეს ცრემლიანი იყო - ამას არასდროს ვაპატიებო - თქვა.” - იხსენებს ზვიაგინცევი.

ქართველებმა ეს ამბავი შოვინიზმის გამოვლინებად ჩათვალეს. ამ დროისთვის უკვე ჰქონდა ქართულ ფეხბურთს ჩაგრულის მანტია მორგებული. ამბობდნენ, ევროპაში გვჩაგრავდნენ როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს, და საბჭოთა კავშირში გვჩაგრავდნენ, როგორც ქართველებსო. „ყიფიანის საქმე” კი ჭრილობაზე მარილი გამოდგა.
ყველას თავისი კინო აქვს
თუმცა, კონფლიქტი ლობანოვსკისა და ყიფიანს შორის, კიდევ ერთი პერსპექტივიდან გვაძლევს ანალიზის გაკეთების საშუალებას. ეს არის ფსიქოლოგიური პერსპექტივა, მოდი, დავარქვათ ფროიდული პერსპექტივა, მისი 1917 წლის ნამუშევრის “გლოვა და მელანქოლიის” საფუძველზე. საქმე ის არის რომ ვალერი ლობანოვსკიმ თავისი ცხოვრების განმავლობაში რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა, არ შეცვლილა მისი ხასიათი - ისევ ისეთი ჯიუტი, მტკიცე და ჭირვეული დარჩა, მაგრამ აბსოლუტურად შეიცვალა მისი მსოფლმხედველობა, რომელიც ადრეული წლების მენტალურ ტრავმებთან არის დაკავშირებული, დავით ყიფიანი კი სრულიად შესაძლებელია ამ ტრავმების „ტრიგერად” ქცეულიყო. მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.

„ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დიდ ფორვარდად იქცეს: სწრაფი აზროვნება, იშვიათი ხედვა, მისი სიმაღლისათვის შეუფერებელი მოქნილობა და კოორდინაცია, კარგი აჩქარება და ნახტომი, შრომისმოყვარეა, კარგი დარტყმა აქვს, მამაცია, ტექნიკურია და კარგი დრიბლინგი აქვს, მისი წაქცევაც რთულია.” - ასე ახასიათებდა ლობანოვსკის თავისი პირველი მწვრთნელი, მიხაელ კარსუნსკი. თუმცა, ამ დროს ლობანოვსკი ჯერ არ ავლენდა ხასიათს, 18-19 წლის ასაკიდან კი მწვრთნელებისთვის აუტანელი გახდა მასთან მუშაობა.
„ვალერა, ბევრ სითხეს ნუ იღებ - უთხრეს ლობანოვსკის, რომელმაც მთელი ბოთლი წყალი ერთ მიყუდებაზე ჩაცალა, გააფრთხილეს ვარჯიშისათვის ცუდიაო. ვალერიმ კი უპასუხა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში მწვრთნელებს არ პასუხობდნენ - “ალეგ ალექსანდროვიჩ, მეფე გაროხის (მხატვრული პერსონაჟი) დროს თვლიდნენ ასე, მე კიდევ ფრანგი მეცნიერის სტატია წავიკითხე, ის წერს რომ მძიმე დატვირთვის მერე ორგანიზმისთვის სავალდებულოა სითხის მიღება. ეგ კი არა, ტაბლეტებსაც იღებენ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვისო.” - აქ გაისმა ჯერ კიდევ პატარა ლობანოვსკის ძლიერი ხმა, მეცნიერის ხმა, რომელიც თანამედროვე მეცნიერების კვლევით იყო დაკავებული და სამეცნიერო პროგრესის ფეხბურთში გადმოტანა სურდა. ასეთ ხასიათთან ერთად მეტად შრომისმოყვარე ადამიანიც ყოფილა, თითქოს შეპყრობილი იმ იდეით, რომ რასაც ხელს მოკიდებდა ყველაფერი სრულყოფილებამდე დაეხვეწა.
ევგენი კატელნიკოვი (მისი თანაგუნდელი ახალგაზრდულ გუნდში) იხსენებს - „ტექნიკა მისი მთავარი კოზირია, ეს ბავშვობიდან დახვეწა, მთელი ზამთარის განმავლობაში, სანამ ჩვენ ვისვენებდით ის ვარჯიშობდა, დერეფანში ბურთის კენწვლით გაუჩერებლად დადიოდა წინ და უკან, შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ მის მშობლებსა და მეზობლებს, მაგრამ ვარჯიშზე შეხვედრისას აღმოვაჩინეთ რომ ტექნიკურად ყველაზე კარგად იყო მომზადებული.”
პირველი დიდი უთანხმოება მწვრთნელებთან მაშინ დაიწყო, როცა ცენტრფორვარდი ვალერი ლობანოვსკი ფლანგზე გადაწიეს. ვერ ვიტყვით რომ მიშა მესხივით ვირტუოზი იყო, მაგრამ მასში კარგი გარემარბი დაინახეს, თავად ვალერის კი ეს ძალიან არ მოეწონა, - „მომწონდა ცენტრში თამაში, სხვა პოზიციაზე თამაშის წარმოდგენაც არ მსურდა, მაგრამ დინამოს მთავარმა მწვრთნელმა სალოვიოვმა მარცხენა ფლანგზე გამამწესა, როგორთუ მარცხენა? მას ჩემი დაკარგვა სურს, გადამალვა? - ვფიქრობდი მაშინ და მწვრთნელებთან ვკამათობდი.” - იხსენებდა თავად ლობანოვსკი.
სალოვიოვი კი აი რას ამბობდა მასზე - „თითქმის ყოველ დღე გვიწევდა მთელ გუნდს შეკრება და ლობანოვსკის საკითხის განხილვა, ის არაფერზე გვეთანხმებოდა, ძალიან პირდაპირი და ჯიუტი იყო, ახლა ვხვდები, რომ რაღაცებში მართალი იყო, მაგრამ ასე მუშაობა შეუძლებელია, თავი ყოველთვის მართალი ეგონა.”

ვკითხულობ კაჩალინის სიტყვებს და თითქოს ასაკოვანი ლობანოვსკის ხმა მესმის, უკვე მწვრთნელის ამპლუაში. როგორც წესი, თავად იყო ასეთი დაუნდობელი ფეხბურთელების მიმართ. შეუძლებელია აქ ის ღრმა ტრავმა ვერ დაინახო, რომელიც ლობანოვსკის, როგორც ფეხბურთელს მიაყენეს. ის თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, რომელსაც მწვრთნელობის დროს ვერაფრით ვერ ეგუებოდა და ასეთ ფეხბურთელს ახლოსაც არ გაიკარებდა. „ვალერას დაცვაში თამაში არ სურდა, შავ სამუშაოს არასდროს ასრულებდა, მიაჩნდა რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ იყო.” - ამბობდა მისი თანაგუნდელი ევგენი კატელნიკოვი.
„შინიკთან 2:2-ის შემდეგ გასახდელში ვიჩხუბეთ და მივხვდი, რომ ჩემი დრო დინამოში დასრულებულია. ლობანოვსკი-ფეხბურთელს მეც ასე მოვექცეოდი. მასლოვი მართალი იყო.” - მოგვიანებით ვალერი ლობანოვსკიმ ყოფილი მწვრთნელები დადებითად დაახასიათა. აქ უკვე ჩანდა მისი როგორც მწვრთნელის და შესაძლოა, როგორც პიროვნების ცვლილება - „მე, ლობანოვსკი-ფეხბურთელს, არ შემეძლო სალოვიევისა და მასლოვის ნააზრევი მიმეღო, მაშინ ამისთვის ჯერ კიდევ ძალიან მოუმზადებელი ვიყავი.”
შემდეგ კი ის გარდამტეხი დღეც დადგა, როცა მისი რადიკალური ცვლილების, როცა საფეხბურთო სამყაროში ალბათ ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის დრო მოვიდა. ეს დღე მოგვიანებით ვიქტორ სერებრენიკოვმა გაიხსენა - „პირველი გუნდი, რომელიც ლობანოვსკიმ ჩაიბარა დნეპრი იყო, ჩვენთან მთაში შეკრებაზე მოვიდა, სამი კვირით ჩაიკეტა მასლოვთან ერთად, მოხუცმა მას მთელი თავისი ცხოვრების კონსპექტები გადასცა”.
ფროიდული მელანქოლია
წარმოიდგინეთ ლობანოვსკი-ფეხბურთელის აბსოლუტური ანტიპოდი, და თქვენ მიიღებთ ლობანოვსკი-მწვრთნელს. ნუთუ, საერთოდ შესაძლებელია ასეთი ტრანსფორმაცია? ინდივიდუალიზმის მიმართ მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, შესაბამისად, ვერც ინდივიდები აიტანა. სწორედ აქ ხდება აქტუალური ფროიდული პერსპექტივა, მისი ნაშრომიდან - გლოვა და მელანქოლია.
ალექსანდრ ხაპსალისი იხსენებს - „მასთან შეპასუხებას ვერ გაბედავდი. თუ დავალებას მისცემდა ფეხბურთელს და ვინმე იტყოდა - მე ვფიქრობ რომ.. ლობანოვსკი მაშინვე გააწყვეტინებდა და ეტყოდა - ნუ ფიქრობ, ითამაშე, მე ვფიქრობ შენს ნაცვლად.” მას არ სჭირდებოდა მოაზროვნე ფეხბურთელები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მას სჭირდებოდა ფეხბურთელები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ მის დავალებებს. გუნდს მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელწერა უნდა ჰქონოდა. ერთი მხრივ, საშინელი უნდობლობაა საკუთარი ფეხბურთელების მიმართ, ფაქტობრივად ისე უყურებდა მათ, როგორც კიბორგებს, აღარაფერს ვამბობ ლეგენდად ქცეულ მეთოდოლოგიაზე, რომელიც ფეხბურთელებს ფიზიკური გამძლეობის ზღვარზე ამყოფებდა, ყოველთვის კლდის პირზე, სადაც რეალურად ხვდებოდი სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. ვინც ვერ გაუძლო და გატყდა, ის აუცილებლად შეიძულებდა ვალერი ვასილევიჩს, ხოლო, ვინც ამ ყველაფერს გაუძლო, მათთვის ალბათ წმინდანია, რომელმაც ფეხბურთელებს ახალი გზა აჩვენა ცხოვრებაში, თითქოს აღმოაჩენინა ის ძალა, რომელიც ღრმად იყო მინავლული მათ არაცნობიერში.

მის მეთოდოლოგიას იხსენებს კარლო ანჩელოტი - „ჯერ კიდევ რომაში ვთამაშობდი, როცა ლობანოვსკის ვარჯიშს ვაკვირდებოდი, ვარჯიშის ინტენსივობა წარმოუდგენელი იყო. მთელ მოედანს იყენებდა, სამ ჯგუფს ავარჯიშებდა, თითო ჯგუფში შვიდი ფეხბურთელი იყო. პირველი ორი ჯგუფი ერთმანეთში თამაშობდა, თავდასხმა დაცვის წინააღმდეგ, და როცა დაცვა აჯობებდა შეტევას, ბურთი ცენტრამდე რაც შეიძლება სწრაფად უნდა აეტანათ, სადაც მესამე ჯგუფთან იწყებდნენ თამაშს. ლობანოვსკი ამ ვარჯიშს 45 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად აგრძელებდა. ამ ვარჯიშის დანერგვა ერთხელ მადრიდის რეალში ვცადე, ფეხბურთელებმა მხოლოდ 15 წუთს გაუძლეს.”
შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ლობანოვსკი საბჭოთა სისტემასთან დამარცხდა? რომ ეს ლაღი, ინდივიდუალისტური ფეხბურთის მოყვარული კაცი საბჭოთა სკოლის მთავარ დიქტატორად იქცა. როგორც მოთამაშეს გასაქანი არ მისცეს, ჩაკლეს მისი ვარსკვლავი, მერე კი თავად იქცა საბჭოთა სისტემის მთავარ საყრდენად, მთავარ სახედ, ფეხბურთის მთავარ მეცნიერად.
ფროიდის ტექსტს თუ მივყვებით, შეგვიძლია ლობანოვსკი მელანქოლიურ სუბიექტად დავინახოთ, ის არის მელანქოლიური სუბიექტი, რომლის „მესაც” არ შეუძლია რეალობის მიღება, ამ შემთხვევაში, ახალგაზრდობაში განცდილი მარცხის მიღება. ნარცისტული მოწყვლადობის გამო ის რეალობას ზურგს აქცევს იმისათვის რომ შეინარჩუნოს მკვდარი ობიექტი (ესე იგი, ლობანოვსკი-ფეხბურთელი). სწორედ ამის გამო მიმართავს რადიკალურ ფორმას იდენტიფიცირდეს ობიექტთან (ესე იგი, ყველა ინდივიდუალისტ ფეხბურთელთან, ჩვენი კვლევის შემთხვევაში კი ყიფიანთან). ლობანოვსკი ვერ გათავისუფლდა ახალგაზრდული ტრავმისგან, შეუმდგარობისგან, სისტემასთან მარცხის გამოცდილებისგან, რის გამოც 29 წლის ასაკში დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ლობანოვსკიმ ვერ გამოიგლოვა თავისი ფეხბურთელობა. ფროიდის მიხედვით მგლოვიარე გლოვობს ობიექტს და აგდებს მას, მელანქოლიკი კი ვერ სცილდება, ინახავს და დაუსრულებლად იდენტიფიცირდება ობიექტთან.
მელანქოლიური სუბიექტი ხშირ შემთხვევაში ტრავმისაგან გათავისუფლების რადიკალურ გზას ირჩევს, თვითმკვლელობის სახით, მაგრამ ის იკლავს არა საკუთარ თავს, არამედ კლავს იმ ობიექტს, რომელთან იდენტიფიცირებასაც ახდენს. ეს მელანქოლიური თვითმკვლელობაა. ყიფიანისათვის მიყენებული დარტყმა, რეალურად ლობანოვსკის დაუსრულებელი თვითმკვლელობის მცდელობაა, მცდელობა იმისა, რომ საკუთარ თავში მოეკლა ლობანოვსკი, როგორც ფეხბურთელი.
რა მოხდა, როცა 1976 წელს შევარდნაძე ჩართეს საქმეში და ლობანოვსკის ყიფიანის წაყვანა დაავალდებულეს? გაჩნდა საფრთხე რომ ის მეორედაც დამარცხდებოდა საბჭოთა სისტემასთან - ამჯერად, როგორც მწვრთნელი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება ყველაზე ძლიერი „ჩამრთველი” აღმოჩნდა, ამიტომაც იყო მისგან რეაგირება ასეთი მძიმე, ასეთი სასტიკი. ამიტომაც მოხდა ასე მარტივად ყიფიანთან იდენტიფიცირება.

ასე რომ, ამ კონფლიქტში შოვინიზმზე მეტად ფროიდული პერსპექტივა უფრო დამაჯერებელი მგონია. ყიფიანი ერთგვარი სარკის როლს თამაშობდა მისთვის, წარსულის სარკის, სადაც ვალერის ძალიან არ უყვარდა ჩახედვა, რადგან მარცხისთვის თვალის გასწორება არ შეეძლო. ლობანოვსკისგან განსხვავებით, ყიფიანი სისტემამ ვერ გატეხა. ისეთად დარჩა, როგორიც ფეხბურთელობისას იყო. მათი კონფლიქტი კი დიდი ხელოვანისა და დიდი მეცნიერის დავას წააგავს.




















