მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკის ბარსელონადან წასვლა თითქმის დადასტურდა, კატალონიური კლუბის გარშემო საუბრებმა კიდევ უფრო მოიმატა. ცალსახაა, რომ "ბლაუგრანა" ზაფხულში ახალ ცხრიანს 100% დაიმატებს, დეკუს სიაში კი რამდენიმე ფეხბურთელია.
ამ სტატიაში ბარსელონას მთავარ სამიზნეებსა და პოტენციურ ტრანსფერებზე ვისაუბრებთ.
გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, ბარსელონასთვის ნომერ პირველი სამიზნე კვლავ ხულიან ალვარესია. არგენტინელი თავდამსხმელი კლუბის სპორტულ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს, თუმცა მისი ტრანსფერის განხორციელება ურთულესი იქნება. მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო ღირებულებაა, რასაც ატლეტიკო მადრიდის პოზიციაც ემატება - "ხულიან ალვარესი არ იყიდება!"
იმის გათვალისწინებით, რომ ხულიან ალვარესის დამატება მარტივი არ იქნება, ბარსელონაში სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ.
რამდენიმე საათის წინ ბრაზილიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა — "კატალონიელები ყურადღებით აკვირდებიან ჟოაო პედროს კანდიდატურასაც, რომელიც ჩელსის ღირსებას იცავს! ფეხბურთელი დეკუს სიაში არის, მის მიმართ ინტერესი ოფიციალურად დადასტურდა."
თუმცა, როგორც ხულიან ალვარესის, ისე ბრაზილიელის ტრანსფერიც მარტივი განსახორციელებელი ნამდვილად არ იქნება. ჩელსი 24 ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს, რასაც მისი კონტრაქტი და სატრანსფერო ფასიც ემატება. შეგახსენებთ, ჟოაო პედროს ლონდონურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2033 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით €100 მილიონია.
რაც შეეხება სხვა სახელებს, ბარსელონას ალექსანდერ სორლოთიც დაუკავშირეს, თუმცა ამ მომენტისთვის შეგვიძლია იმის თქმა, რომ კატალონიურ კლუბში ნორვეგიელი ფორვარდის დამატებას ნაკლებად განიხილავენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონას პოტენციურ ტრანსფერებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














