რობერტ ლევანდოვსკის მომავალი ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური განხილვის თემად იქცა. გავლენიანი ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ბარსელონა ვეტერან პოლონელ თავდამსხმელს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუდით დატოვებს.
თავდაპირველად რობერტ ლევანდოვსკის ევროპულ კლუბებს აქტიურად უკავშირებდნენ — საუბარი იყო პორტოზე, მილანსა და იუვენტუსზე, თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული გუნდები 37 წლის ფორვარდის დამატებას დიდი ფინანსების გამო აღარ განიხილავენ.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდ ინტერესს საუდის არაბეთისა და MLS-ის კლუბები იჩენენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ორივე მიმართულებიდან ფეხბურთელს ფინანსურად სარფიანი წინადადებები აქვს და არ არის გამორიცხული, კარიერა ევროპიდან წასვლის შემდეგ სწორედ ერთ-ერთ ამ ჩემპიონატში გააგრძელოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. ერთი კი დაზუსტებით ვიცით — პოლონელი ფორვარდი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომდევნო კლუბის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.














