ბარსელონაში მომდევნო სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 4-5 ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას“ საკმაოდ დატვირთული ზაფხული ელოდება.
რამდენიმე კვირის წინ, როგორც უკვე გაცნობეთ, ჰანსი ფლიკისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ალესანდრო ბასტონია, რომელსაც ინტერის დატოვება და კარიერის ბარსელონაში გაგრძელება სურს, თუმცა, ვინაიდან მისი სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია, გარიგების განხორციელება მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ბარსელონაში პარალელურად სხვა ვარიანტებსაც აქტიურად განიხილავენ.
დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარსელონა სერიოზულად ინტერესდება ლუკა ვუშკოვიჩით, რომელიც ამჟამად ჰამბურგის ღირსებას იცავს, თუმცა კონტრაქტით ტოტენჰემს ეკუთვნის. 19 წლის ხორვატი ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი გახლავთ, რომელთანაც კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს. მეტიც, მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც უკვე შედგა, სადაც პოტენციური ტრანსფერის საკითხი განიხილეს.
ლუკა ვუშკოვიჩი გერმანიაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და ზაფხულში ტოტენჰემი მისი დაბრუნებას გეგმავს, თუმცა იმის თქმა, რომ ხორვატი ფეხბურთელი "დეზებში“ აუცილებლად დარჩება, ამ ეტაპზე რთულია. ბარსელონას გარდა, საქმეში სხვა ევროპული კლუბებიც არიან ჩართული, შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ლუკა ვუშკოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















