რონალდინიო გაუჩო საფეხბურთო მოედანს 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, თანაც, არა ვეტერანების საჩვენებელ მატჩში, არამედ სერია C-ს ოფიციალური შეხვედრაში. ბრაზილიელი ფლეიმეიქერი რავენას ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ფორლისთან და მან სრულად ითამაშა 1-ელი ტაიმი თამაშში, რომელშიც სასწორზე ქულები იდო.
ემილია-რომანიელებმა იმ მატჩში იმარჯვეს ანგარიშით 2:0 და საინტერესოა ის, რომ მასპინძლების პირველი გოლი სწორედ ბრაზილიის ნაკრების ექს-ფლეიმეიქერის პრეასისტიდან დაიწყო. "სელესაოს" ყოფილმა მე-10 ნომერმა ბურთი მშვიდად დაფარა კორპუსით, ოპონენტები ჩამოიშორა და ზუსტი პასი გააკეთა.
ლორენცო ლონარდიმაც აიტაცა "ჯადოქრის" გადაცემა, ჯულიო დონატის დაუგორა და მანაც შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. ლეგენდარული ფლეიმეიქერის სტატისტიკა 45 წუთში იყო ასეთი: 28 შეხება, 17 ზუსტი პასი 21-დან (81%), 1 ზუსტი ჩაწოდება 3-დან. Sofascore-მა 46 წლის გამთამაშებელს 7.0 დაუწერა.
სოლიდური შეფასება იმ ფეხბურთელისთვის, ვინც ამდენი წელი ოფიციალურ დონეზე მოედანზე არ გამოსულა. რონალდინიოს პერფომანსის უკან კონკრეტული ბიზნეს-ამბავიც დგას: ზაფხულში მან უბრალოდ კონტრაქტი კი არ გააფორმა, არამედ "ჯალოროსის" მინორიტარული წილი იყიდა. ბრაზილიელი ფლეიმეიქერის როლი ერთდროულად მედია-სახე, აქციონერი და მოედანზე გამოსვლაა.
სტადიო ბრუნო ბენელის ბინადრები სერია ბ-ში მოსახვედრად იბრძვიან და გაუჩოს გამოჩენა არის ერთგვარი მხარდაჭერა, ყურადღება და ისტორია, რომელიც იმ ადამიანებსაც კი უჩენს ინტერესს, ვინც იტალიის მე-3 დივიზიონს არ ადევნებენ თვალყურს. საინტერესოა ისიც, რომ "პენტაკამპეონეს" ექს-ფლეიმეიქერმა მოედანზე გამოსვლა არც მომავალში გამორიცხა.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ათიანის ანგარიშზე ამ მომენტისთვის არის 299 გოლი ოფიციალურ მატჩებში და თავდაპირველი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ 300-ე ბურთს ის სწორედ რავენაში შეაგდებდა. ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა "ჯადოქრის" საიუბილეო გოლსა და ემილია-რომანიელთა მე-2 ლიგაში აღზევებას მომავალში.
![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)












