ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და რეალ მადრიდის ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სათანადოდ ვერ მოვემზადე. ტურნირიდან ასე ნაადრევად გამოვარდნა ჩვენთვის მოულოდნელი და ძალიან მძიმე იყო. შვებულების პერიოდში დასვენება, გართობა და ოჯახთან მეტი დროის გატარება გადავწყვიტე. შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით ნაკლები ვივარჯიშე. ვფიქრობ, ეს ჩემი შეცდომა იყო. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაში ძალიან რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ შეძლეს. მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, გავუმჯობესდე, მეტი ვისწავლო ფეხბურთზე და ყოველდღიურად უკეთესი გავხდე. ამასთან, 26 წლის ვარ და ცხოვრებით სიამოვნების მიღებაც მინდა.
სეზონის დასაწყისზე გავლენა სხვა ფაქტორებმაც მოახდინა. მადრიდის რეალთან კონტრაქტის განახლების საკითხი, გასულ ზაფხულს სხვა კლუბების ინტერესი და ზოგადად, გუნდში არსებული სიტუაცია ჩემს გონებაზე საკმაოდ მოქმედებდა. თუმცა სეზონი გრძელია და დარწმუნებული ვარ, ყველაფრის გამოსწორება შემიძლია. გასულ სეზონშიც დეკემბრამდე მხოლოდ ხუთი გოლი მქონდა გატანილი, საბოლოოდ კი 20-ზე მეტი გოლით დავასრულე ჩემპიონატი. ვემზადები, ვვითარდები და მჯერა, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ისევ იქ ვიქნები, სადაც საჭიროა.

იაპონიასთან მატჩში გატანილი ორივე გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ახლა ახალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და ჯერ კიდევ ვსწავლობთ ერთმანეთის თამაშს. იაპონიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე 15-16 ფეხბურთელი ჰყავდა, ჩვენ კი ასეთი გამოცდილების მქონე ამდენი მოთამაშე არ გვყავდა. ეს კარგი გამოცდა იყო და მსგავსი შეხვედრები განვითარებაში გვეხმარება.
კრიტიკა ამ ეტაპზე სრულიად ბუნებრივია. ბრაზილიას დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, ბოლო ტურნირზე კი ძალიან ადრე გამოვვარდით. გულშემატკივარს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენთვის კარგი უნდათ. რონალდინიოსა და რონალდოს ხშირად ვხვდები და ისინი ყოველთვის დადებითად საუბრობენ ჩვენზე. გვწყინს, როდესაც სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, თუმცა ახლა განახლების პროცესში ვართ და გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. გულშემატკივარს ახალი მოთამაშეების ხილვა სურს, მწვრთნელიც მათ აძლევს შანსს, თუმცა შემდეგ მათი თამაშით უკმაყოფილებასაც გამოხატავენ. ეს მათი უფლებაა. სანამ ჩვენს სათამაშო სტილს საბოლოოდ ვიპოვით, გარკვეული სირთულეები გვექნება. კოპა ამერიკამდე მაქსიმალურად უნდა მოვუმატოთ, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის და ტურნირიც მალე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიღებული კრიტიკაც მესმის. გულშემატკივარი ოთხი წლის განმავლობაში ელოდება ამ ტურნირს და როდესაც იმედებს ვერ ვუმართლებთ, მათი უკმაყოფილება ბუნებრივია. კრიტიკას 16 წლიდან ვიღებ, მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალში ჩემი ტრანსფერი განხორციელდა. ვისწავლე, რომ ყველას შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, მე კი უნდა შევძლო სასარგებლო რჩევების მიღება და დანარჩენის უგულებელყოფა.
ბრაზილიის ნაკრებში ბევრი ცუდი თამაში ჩავატარე. ადრე კლუბში ამხანაგურ შეხვედრებს ჩვეულებრივ მატჩებად აღვიქვამდი და ვერ ვხვდებოდი, რომ ნაკრებში ასეთი თამაშებიც მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობისაა. ამის გააზრებას დრო დასჭირდა. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად გართობას უფრო მეტ დროს ვუთმობდი და ფეხბურთზე სათანადოდ ვერ ვიყავი კონცენტრირებული. შემდეგ მიდგომა შევცვალე და ორი კარგი მსოფლიო ჩემპიონატიც ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ჩემი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ გამოვავლინე. მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე 30 წლის ვიქნები, მეტი გამოცდილება მექნება და იმედი მაქვს, თამაშებს უკეთ გავაანალიზებ. გულშემატკივარს კი კრიტიკის უფლება ყოველთვის ექნება, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ.

ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ისიამოვნონ თამაშით, მიიღონ სიამოვნება და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ იგრძნონ. მე უკვე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე და მეტი გამოცდილება მაქვს, ამიტომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შემიძლია. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და მინდა, ენდრიკმა, ესტევაომ და სხვა ახალგაზრდებმა ჩემგან ისწავლონ, განვითარდნენ და უკეთესები გახდნენ. იგივე პასუხისმგებლობა ჩემთან ერთად რაფინიამ, მარკინიოსმა, გაბრიელ მაგალიაესმა და ბრუნო გიმარაესმაც უნდა ავიღოთ.
კარლო ანჩელოტის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. მან რეალ მადრიდში ჩემი კარიერა და ზოგადად, ჩემი საფეხბურთო ცხოვრება შეცვალა. ყოველთვის მიცავდა და სწორ რჩევებს მაძლევდა. როდესაც გავიგე, რომ ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებდა, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ მასთან ერთად ჩემი შედეგები გაუმჯობესდებოდა. მის ხელმძღვანელობით უკვე 10 გოლი გავიტანე, მანამდე კი მხოლოდ ექვსი მქონდა გატანილი. ახლა ნაკრებში ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ და მოკლე დროში მაქსიმალურად შევძლოთ განვითარება. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი საუკეთესო შემადგენლობასა და სათამაშო სქემას იპოვის, რათა ბრაზილიისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი ვითამაშოთ.“




![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)








