მადრიდის რეალისთვის 2025/2026 წლების სეზონი კატასტროფული გამოდგა. მწვრთნელების ცვლა, შიდა არეულობა და შედეგად, ნული ტიტული. განვიხილოთ დეტალურად, თუ როგორ დაეცა "სამეფო კლუბი", რამ განაპირობა აღნიშნული პრობლემები და რა უნდა იყოს გამოსავალი...
ჩაბი ალონსო - მწვრთნელი, რომლის სისტემამ ვერ იმუშავა
გასული სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი შეცვალა ალონსომ - პერსპექტიულმა მწვრთნელმა, ვინც სისტემური ფეხბურთით ლევერკუზენის ბაიერი გერმანიის საუკეთესო კლუბად აქცია. ჩემპიონატის წაუგებლად მოგების შემდეგ, ნათელი გახდა, ესპანელი დამრიგებლის გზა რეალზე გადიოდა.
თანამედროვე ფეხბურთში უკვე დიდი ხანია, რაც დაწყებულია სისტემური თამაშის მქადაგებელი მწვრთნელების ეპოქა და 2024/2025 წლების სეზონის წარუმატებლობამ აჩვენა, გადატვირთვა მადრიდსაც სჭირდებოდა. ინდივიდუალური ოსტატობა და კონტრ შეტევები მოძველდა, "სამეფო კლუბი" მექანიზმად უნდა გადაქცეულიყო.
სანტიაგო ბერნაბეუზე დამსწრე პუბლიკა ითხოვდა რევოლუციას და ჩაბი ამ ყველაფრისთვის იდეალური კანდიდატი იყო. თავად განსაჯეთ - თანამედროვე ხედვა, მხარდაჭერა სატრანსფერო ბაზარზე და ავტორიტეტი. ფლორენტინო პერესის კლუბს სჭირდებოდა განახლება, "ფარმაცევტთა" ყოფილ დამრიგებელს კი ახალი ეტაპი კარიერაში.
"ლა ბარბა როხას" მხრიდან იყო იმ მეთოდების დანერგვის მცდელობა, რასაც ის აკეთებდა ბაიარენაზე, თუმცა ყველაფერი მაინც ვარსკვლავების ინდივიდუალურ ოსტატობამდე მიდიოდა. რამდენიმე გამონათებას თუ არ ჩავთვლით, რეალის თამაშის ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებელი და ამ პრობლემას შემდეგ განხეთქილებაც დაემატა.
მარცხი ესპანეთის სუპერ თასზე
განგაშის პირველი ზარი გაისმა ჯერ კიდევ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მადრიდული გუნდი პარის სენ-ჟერმენთან ანგარიშით 0:4 განადგურდა. აღნიშნული წაგებისთვის დიდად არავის მიუქცევია ყურადღება, რადგან ეს ახალი რეალის ერთგვარი სატესტო ვერსია იყო. დრომ აჩვენა, მნიშვნელოვნად არც მომავალში შეიცვლებოდა რამე.
დიახ, "სამეფო კლუბმა" ლა ლიგაში დაამარცხა ბარსელონა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ტურინის იუვენტუსი, თუმცა იყო განადგურება თანაქალაქელი ატლეტიკოსგან, ასევე წაგებები ლივერპულსა და მანჩესტერ სიტისთან. 5-9 ნოემბრის შუალედში ბერნაბეუს მკვიდრებმა ზედიზედ 3 შეხვედრა ვერ მოიგეს.
ალონსოს მოღვაწეობა დასრულდა ესპანეთის სუპერ თასის ფინალის შემდეგ, სადაც მისი გუნდი კატალონიელებთან დამარცხდა. ალბათ იტყვით, რეალის რომელ დამრიგებელს არ წაუგია "ბლაუგრანასთან", მაგრამ აღნიშნული შედეგი უბრალო წაგებაზე გაცილებით მეტი იყო. იმ საღამოს გამოჩნდა, მადრიდი ესპანელ დამრიგებელს აღარ ეკუთვნოდა.
კამპ ნოუს ბინადრებთან მარცხის შემდეგ, "სამეფო კლუბის" მენტალური ლიდერის როლის მორგებას ცდილობდა არა ჩაბი, არამედ კილიან მბაპე და მან გარკვეული მითითებებიც კი გასცა. იყო გამომწვევი საქციელი ვინისიუს ჟუნიორისგანაც, რომელსაც ლევერკუზენის ყოფილ დამრიგებელთან ურთიერთობა თავიდანვე ვერ აეწყო.
ჩაბი ალონსოს წასვლა, ალვარო არბელოას მოსვლა
როგორც აღვნიშნეთ, ბარსელონასთან მარცხის შემდეგ, რეალისა და ალონსოს გზები გაიყარა. სეზონის გადარჩენა დაევალა არბელოას, ვინც უნდა ყოფილიყო ერთგვარი ალტერნატივა იმ სისტემური ფეხბურთის, რომლის დამკვიდრებას მადრიდში მისი თანამემამულე დამრიგებელი ცდილობდა.
დიახ, ჩაბის თანამედროვე ხედვამ არ გაამართლა, რის შედეგადაც პერესმა დანიშნა მწვრთნელი, ვინც აღარ დატვირთავდა "სამეფო კლუბს" სისტემურობით, მექანიზმებითა და დეტალებზე ორიენტირებით. ესპანელი თავკაცის ხელში ბერნაბეუს მკვიდრებს უნდა დაებრუნათ თავისუფლება, რომელსაც ისინი ანჩელოტის დროს იყვნენ მიჩვეულები.
უხეშად რომ ვთქვათ, პერესის კლუბის ვარსკვლავებმა ისედაც იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მოედანზე, ალვაროს კი ერთგვარი კოორდინატორის როლი ჰქონდა. სეზონის ჩამთავრება წარმატებულად, როგორც შესაძლებელია ისე, რეალის თავკაცს ივნისამდე სწორედ ეს მისია ჰქონდა.
მარცხი ლა ლიგა 2-ის ბინადართან კოპა დელ რეიზე
არბელოას დებიუტი მადრიდული გუნდის მწვრთნელის რანგში შედგა კოპა დელ რეის მერვედფინალში, ლა ლიგა 2-ის ბინადარ ალბასეტესთან. გასაგებია, ესპანელი თავკაცი ვერ შეძლებდა რეალში სიტუაციის გამოსწორებას რამდენიმე დღეში, მაგრამ წაგება? კლუბთან, რომელიც იმ მომენტში სეგუნდას გასავარდნ ზონასთან ტრიალებდა.
საუბარია გუნდის შესახებ, რომელსაც "სამეფო კლუბთან" დაპირისპირებამდე ჰქონდა სამმატჩიანი სერია გამარჯვების გარეშე, რეალ სოსიედადის ბ გუნდთან, გრანადასა და ლეგანესთან. თუ ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ ბერნაბეუს მკვიდრები მიმდინარე სეზონში მოიგებდნენ ტრიპლეტს, აღნიშნული მოლოდინი "ქუესო მეკანიკოსთან" დაიმსხვრა.
მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე
კოპა დელ რეისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე რეალმა მეოთხედფინალამდე იარა. პლეიოფში დამარცხებული იქნა ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილი ლისაბონის ბენფიკა, 1/8 ფინალში კი სიტი, თანაც საოცრად ეფექტურად: ფედერიკო ვალვერდეს ჰეთ-თრიქით. საფეხბურთო სამყარო მადრიდის ქამბექზე უმალვე ალაპარაკდა.
მოვიდა მეოთხედფინალის დრო, სადაც "სამეფო კლუბის" მეტოქე აღმოჩნდა ძველი ნაცნობი - მიუნხენის ბაიერნი. ეს მატჩი გამოდგა ერთგვარი ორიენტირი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო სეზონის გადარჩენა. 2-რაუნდიან თანაბარ ბრძოლაში, რომელიც წარიმართა გარდამავალი უპირატესობით, წაგებულები ბერნაბეუს მკვიდრები გამოვიდნენ.
ტრავმები
მწვრთნელების ცვლასა და გუნდში არსებულ არეულობას რომ დავანებოთ თავი, რეალის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხშირი ტრავმიანობა, განსაკუთრებით, უკანახაზში. მადრიდში არის მხოლოდ 4 მოთამაშე, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.
საუბარია ვინისიუს ჟუნიორის, ანდრეი ლუნინის, ფრან გარსია და გონსალო გარსიას შესახებ. რაც შეეხებათ დანარჩენებს, "სამეფო კლუბის" სხვა ყველა მოთამაშეს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მინიმუმ 1 შეხვედრა მაინც გამოუტოვებია. "ლიდერთა" სია უცვლელია: დანი კარვახალი, ედერ მილიტაო და ფერლან მენდი.
დიქტატორი მბაპე
ერთი შეხედვით, უწყინარი ინტერნეტ ხუმრობა, რომელშიც სიმართლის მარცვალიც არის. მართალია, გენერლის ფორმაში გამოწყობილი მბაპე არ გასცემს ბრძანებებს ამა თუ იმ მოთამაშის დახვრეტაზე, მაგრამ ფაქტია, ვარსკვლავური ფორვარდი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატო ვერ გადაეწყო რეალი სისტემურ ფეხბურთზე.
ფრანგი თავდამსხმელი არ მიმართავს პრესინგს, არც დაცვითი ფუნქციებით ეხმარება უკანახაზში მყოფ თანაგუნდელებს. მისი მოტივაცია ასეთია: მოიტანეთ ჩემამდე ბურთი, დანარჩენს მე თვითონ მივხედავ...თანამედროვე ფეხბურთში კი ეს ასე აღარ მუშაობს. ნათელი მაგალითია პარის სენ-ჟერმენი, რომელიც სწორედ კილიანის წასვლის შემდეგ ავიდა ახალ საფეხურზე.
დიახ, მადრიდელების ლიდერს აქვს საოცარი სტატისტიკა, ის ეთამაშება წარსულის ლეგენდების რეკორდებს, თუმცა გუნდისთვის ამ ყველაფერს ტიტულები არ მოაქვს. საფრანგეთის ეროვნული გუნდის მე-10 ნომრის გადმოსვლის მომენტიდან, "სამეფო კლუბმა" მოიგო მხოლოდ 2 ჯილდო, უეფას სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი.
სანტიაგო ბერნაბეუზე დამსწრე პუბლიკას ცალკე უარყოფითად ხვდება "დონატელოს" კმაყოფილება - მაშინ, როდესაც ყველაფერი მიდის განადგურებისკენ, ვარსკვლავური ფორვარდი პირადი ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. შედეგად, პეტიცია რეკორდული ხელმოწერით, რომელიც სწორედ 27 წლის წინახაზელის გაშვებას ეხება.
ფედერიკო ვალვერდესა და ორელიან ჩუამენის ჩხუბი
სეზონის ბოლოს რეალში მდგომარეობა ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ელ კლასიკოს გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, ვალვერდესა და ჩუამენის შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რომელიც პირველის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელ და ფრანგ შუახაზელებს შორის ურთიერთობა ისედაც დიდი ხანია გაფუჭებულია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მადრიდული გუნდი ფედერიკოსა და ორელიანის მიმართებაში. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ "სამეფო კლუბმა" დაიტოვოს ურუგვაის ეროვნული გუნდის შუახაზელი, მონაკოს ყოფილი ჩამშლელი კი სხვა გუნდში გაყიდოს.
პრესა ასევე წერდა ანტონიო რუდიგერისა და ალვარო კარერასის კონფლიქტის შესახებაც. ერთი სიტყვით, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები არიან შორს გუნდურობისა და ერთსულოვნებისგან, ისე, როგორც არასდროს. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე აღარავის უკვირს ის ფაქტი, თუ რატომ აღარ არის ალონსო პერესის კლუბში.
პრობლემა სახელად ვინისიუს ჟუნიორი
რეალის კიდევ ერთი პრობლემური ფეხბურთელი - ვინისიუსი. ის იდეალურად უგებდა მოედანზე ქარიმ ბენზემასა და როდრიგო გოესს, თუმცა მბაპესთან მიმართებაში აღნიშნული რამ არ მუშაობს. ბრაზილიელი ფორვარდი იმყოფება მის ჩრდილში და მათ შორის ქიმიის წარმოქმნა უკვე სამმა სპეციალისტმა ვერ შეძლო.
გასულ სეზონში ეს გამოდგა შეუსრულებელი მისია ანჩელოტისთვისაც კი, წელს, ალონსოსა და არბელოასთვის. ჟუნიორს აქვს გაბრწყინების მომენტები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მოდანზე არ იმყოფება ფრანგი ფორვარდი ან მას თამაში არ მისდის. სხვა შემთხვევაში ფლამენგოს აღზრდილი უბრალოდ გვერდითა პლანზეა გადაწეული.
ცალკე გამოსარჩევია ის სკანდალები, რომელიც მადრიდული გუნდის შვიდიანს მუდმივად თან სდევს. წელს, რასისტულ ნიადაგზე წარმოქნილ კონფლიქტებს ბენფიკასთან შეხვედრაში მომხდარი ინციდენტიც დაემატა. არსებობს იმის ალბათობა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, "სამეფო კლუბი" 25 წლის ფორვარდს შეელიოს.
მარცხი ელ კლასიკოსა და ლა ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში
ბარსელონასთან მატჩის წინ, რეალს ჯერ კიდევ ჰქონდა ლა ლიგაში ჩემპიონობის შესაძლებლობა, თუმცა ამისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. საშინლად უღიმღამო კლასიკოში წაგებული გამოვიდა მადრიდი, რითაც კატალონიელებთან გათანაბრების თეორიული შანსის გარეშეც დარჩა.
დიახ, "სამეფო კლუბი" დამარცხდა ყველა იმ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობდა. სეზონი დასრულებულია, წინ - მსოფლიო ჩემპიონატია, შემდეგ კი ბერნაბეუს მკვიდრთა ქამბექის ახალი მცდელობა. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი მოურინიოს დამრიგებლობით მოხდეს.
პერესისთვის ერთგვარ ოცნების ვარიანტად რჩება იურგენ კლოპი, თუმცა ის სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ ჩქარობს. ბოლო პერიოდში ფავორიტად გამოიკვეთა პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც რეალში დაბრუნების წინააღმდეგი თავადაც არ არის. ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა ჟოზეს მადრიდში კიდევ ერთხელ.














