ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ თავიანთი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. აშშ-ში დაგეგმილი ტურნირი იქნება ბოლო, როგორც არგენტინელი ფლეიმეიქერისთვის, ისე პორტუგალიელი ფორვარდისთვისაც. გავიხსენოთ მათი განვლილი გზა მუნდიალებზე, იქამდე, სანამ უკანასკნელი ცეკვის დრო არ მოვა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - დიდი ეპოქის დასაწყისი
2006 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორივე მომავალი ლეგენდისთვის პირველი მუნდიალი იყო. მესი - რონალდუ თავიანთ ნაკრებებში დგამდნენ პირველ ნაბიჯებს და მათთვის დამახასიათებელი ნომრები ჯერ კიდევ სხვა მოთამაშეების ზურგს ამშვენებდა. არგენტინელი ფლეიმეიქერის 10-იანი ეკუთვნოდა ხუან რომან რიკელმეს, პორტუგალიელი ვინგერის 7-იანი კი ლუიშ ფიგუს.
ლიონელი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა 19-ნომრიანი მაისურით, კრიშტიანუ - 17-ით. რაც შეეხება მათ განვლილ გზას, არგენტინა მივიდა მეოთხედფინალამდე, გზად კი ჯგუფში აჯობა ნიდერლანდებს, სერბეთსა და კოტ-დ'ვივუარს, მერვედფინალში - მექსიკას. განსაკუთრებით გამოსარჩევია ბალკანელებთან შეხვედრა, რომელიც დასრულდა "ალბისელესტეს" გამანადგურებელი მოგებით, 6:0.

"ლა სელესიონის" ტრიუმფში საბოლოო წერტილი დასვა სწორედ ბარსელონას შემტევმა, ვინც "ლურჯებს" მეექვსე გოლი გაუტანა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ბურთი "ლა პულგას" მხრიდან გერმანიაში გამართულ მუნდიალზე. რაც შეეხება 1/4 ფინალს, ხოსე პეკერმანის შეგირდებმა 11-მეტრიანების სერიაში სწორედ მასპინძელ "ბუნდესთიმთან" წააგეს.
არგენტინის ნაკრების მე-19 ნომერს "მანშაფტთან" მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა ის სრულიად ჯანმრთელი იყო. ასე ინება "ალბისელესტეს" იმდროინდელმა თავკაცმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ის მთელმა საფეხბურთო სამყარომ გააკრიტიკა. პრესაში ხუმრობდნენ, რომ არგენტინელმა დამრიგებელმა მესი გერმანიაში ტურისტად ჩაიყვანა.
ლიონელის მსგავსად, ერთი გოლი გაიტანა რონალდუმაც, თუმცა ის პორტუგალიის ნაკრების მსვლელობაში უფრო აქტიურად იყო ჩართული. 1966 წლის შემდეგ პირველად, პირენეელები მივიდნენ მუნდიალის 1/2 ფინალამდე, გზად კი ჯერ ჯგუფურ ეტაპზე აჯობეს უკვე ხსენებულ "აცტეკებს", ირანსა და ანგოლას, პლეიოფში კი "მფრინავ ჰოლანდიელებსა" და ინგლისს.

პორტუგალიელმა შემტევმა თავისი პირველი და ბოლო გოლი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა სპარსელებთან, თუმცა გამოსარჩევია მისი დარტყმა ბრიტანელთა კარშიც, შეხვედრის შემდგომ 11-მეტრიანებში. უეინ რუნის გაძევება და კონფლიქტი მანჩესტერ იუნაიტედის 2 მოთამაშეს შორის ასევე აღნიშნულ დუელში იყო.
როგორც აღვნიშნეთ, "ლუზიტანების" მოგზაურობა დასრულდა ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან მარცხით. 2006 წელს გამართულ მუნდიალზე საინტერესო კიდევ არის ის, რომ არგენტინელი ფლეიმეიქერისა და კრიშტიანუს შეხვედრა შესაძლოა 1/8 ფინალში შემდგარიყო. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ "სელესიონსა" და ლუის ფელიპე სკოლარის გუნდს შორის ერთ-ერთი თავის ჯგუფში მე-2 პოზიციას დაიკავებდა.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - დაჩრდილული ვარსკვლავები
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ ვერ მოახერხა გოლის გატანა, რონალდუ კი კვლავ გამოირჩა ერთი ბურთით, თუმცა არგენტინამ პორტუგალიაზე შორს იარა. "ალბისელესტემ" ჯგუფში აჯობა საბერძნეთს, ნიგერიასა და სამხრეთ კორეას, 1/8 ფინალში კი კარგად ნაცნობ მოწინააღმდეგეს, მექსიკას.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, "ლა სელესიონის" ოცნებები მეოთხედფინალში დაამსხვრია გერმანიამ, თუმცა ამჯერად არა პენალტებში, არამედ ძირითად დროში განადგურებით, 0:4. რაც შეეხებათ პირენეელებს, ბრაზილიასთან ერთად მათ ჯგუფში კოტ-დ'ივუარსა და ჩრდილოეთ კორეას აჯობეს.
"ლუზიტანები" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშნენ მერვედფინალში, მომავალ ტრიუმფატორთან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხით. დიახ, დიეგო მარადონასა და კარლოს კეირუშის შეგირდებმა მუნდიალის ფინალისტებთან წააგეს. ბოლოს კი პორტუგალიელი ვინგერის იმ ერთადერთ შეგდებულ ბურთზეც ვისაუბროთ, 7:0 განადგურებული "ჩხოლიმა", საბოლოო წერტილი სწორედ ვარსკვლავურმა გარემარბმა დასვა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - მესის იმედგაცრუება ფინალში, რონალდუსი კი ჯგუფურ ეტაპზე
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის გამოდგა საოცრად ნაყოფიერი, თუმცა მაინც მტკივნეული. ლეგენდარულმა შემტევმა გაიტანა ოთხი ბურთი, მასზე შედეგიანები მხოლოდ ტომას მიულერი და ხამეს როდრიგესი იყვნენ. ამის გარდა, არგენტინელმა ფლეიმეიქერმა ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიგო.
ლიონელს სრულყოფილებისთვის დააკლდა მთავარი დეტალი - მსოფლიო ჩემპიონობა. არგენტინას ტრიუმფისთვის რეალურად რჩებოდა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, მაგრამ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაში ხელშემშლელ ფაქტორად ისევ და ისევ გერმანიასთან წაგება გამოდგა. დიახ, დაუნდობელმა "ბუნდესთიმმა" "ალბისელესტეს" 2006-ისა და 2010-ის მუნდიალებზე მოუგო 1/4 ფინალში, 2014-ში კი გადამწყვეტ შეხვედრაში.

ყველაფერი გადაწყვიტა მარიო გიოტცეს მიერ 113-წ წუთზე გატანილმა გოლმა. "მანშაფტმა" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაამწარა პორტუგალიაც, თანაც მუნდიალის სტარტზევე. ჯგუფური ეტაპის 1-ელ ტურში იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა მოწინააღმდეგე 4:0 გაანადგურეს. პირენეელთა პრობლემები გაგრძელდა შემდგომშიც, რაც პლეიოფში ვერგასვლით დაგვირგვინდა.
რონალდუ 2014 წლის მუნდიალზე ჩავიდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით, თუმცა სანაკრებო ტურნირზე მან საშინელი იმედგაცრუება იგემა. დიახ, "ლუზიტანებმა" პორტუგალიელი ვინგერის მიერ შეგდებული ბურთით მოუგეს განის ეროვნულ გუნდს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, 1/8 ფინალში გასვლისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - არგენტინელთა ტანჯვა, რონალდუს ჰეთ-თრიქი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი არგენტინამ და პორტუგალიამაც მეორე ადგილზე დაასრულეს. წინა ტურნირის ფინალისტ "ალბისელესტეს" უშანსოდ აჯობა მომავალმა ვიცე-ჩემპიონმა, ხორვატიამ, "ლუზიტანებს" კი ესპანეთმა, მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ მეზობლებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა ოთხი გატანილი გოლით და მასზე შედეგიანი რუსეთის მუნდიალზე მხოლოდ ჰარი კეინი იყო. გამოსარჩევია ისიც, რომ როგორც "სელესიონი", ისე პირენეელებიც 1/8 ფინალურ სტადიას ვერ გაცდნენ.
ხორხე სამპაოლის გუნდი საოცრად დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან, საფრანგეთთან, რომელსაც 57-ე წუთამდე უგებდა კიდეც. ფერნანდუ სანტუშის შეგირდებმა ბევრისთვის მოულოდნელად წააგეს ურუგვაის ეროვნულ გუნდთან, რომელშიც დუბლით ედინსონ კავანიმ გაიბრწყინა.
საინტერესოა, რომ "მამლებისა" და "ლოს ჩარუასის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არგენტინა და პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ნანატრი დუელი არ შედგა, როგორც აღვნიშნეთ, "ალბისელესტე" და პირენეელები 8 საუკეთესო ეროვნულ გუნდს შორის ვერ მოხვდნენ.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - მესი "ხურავს" ფეხბურთს, რონალდუ კი ჩრდილში რჩება
არაოფიციალურად, მესის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი. ნანატრი ტრიუმფი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის მორიგი პრიზი, ორი გოლი მთავარ შეხვედრაში, ზოგადად მუნდიალზე კი შვიდი. არგენტინელ ფლეიმეიქერზე შედეგიანი აღმოჩნდა მხოლოდ კილიან მბაპე, რომელმაც გადამწყვეტ დუელში შეასრულა ჰეთ-თრიქი, მაგრამ მოგება მაინც "ალბისელესტეს" დარჩა.
დავუბრუნდეთ ლიონელს, ვინც პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩს თუ არ ჩავთვლით, გოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში შეაგდო. ინტერ მაიამის კაპიტანი აგებდა ფინალში, მისმა "სელესიონმა" ზედიზედ 3-ჯერ ვერაფერი მოუხერხა გერმანიას და იყო მუნდიალი, რომელიც მან 0 ბურთით დატოვა.
ლიონელ სკალონის გუნდის ათიანმა მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოიარა არაერთი იმედაცრუება, თუმცა ბოლოს, სასურველ მიზანს მაინც მიაღწია. შესაძლოა, ეს სულაც არ ყოფილიყოს "ლა პულგას" უკანასკნელი გაბრწყინება, ვნახოთ, როგორი იქნება არგენტინის პერფომანსი უკვე აშშ-ს მუნდიალზე.
დიახ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო მესის სახელობის ტურნირი, სადაც რონალდუმ თავისი ადგილი ვერ იპოვნა. ზუსტად შესრულებული პენალტი განასთან, რამდენიმე უფერული პერფომანსი და სენსაციური წაგება 1/4 ფინალში მაროკოს ეროვნულ გუნდთან...ასეთია პორტუგალიელი ფორვარდის მუნდიალის მოკლე მიმოხილვა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - ბოლო ცეკვა
ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მესისა და რონალდუს კარიერაში. ერთი მათგანი ტურნირზე მოდის კმაყოფილი, მოქმედი გამარჯვებულის რანგში, მეორე კი 41 წლის ასაკში ისეთივე მშიერი და მოტივირებული, როგორც კარიერის სტარტზე. რეალურად, 2018-ში ესპანეთთან ჰეთ-თრიქის შემდეგ, პორტუგალიელ ფორვარდს მუნდიალზე გასახსენებელი არაფერი აქვს.
გამოსარჩევია ისიც, რომ არგენტინელ შემტევს მსოფლიო ჩემპიონატებზე დაუგროვდა რეკორდული 26 მატჩი და ის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორობასთანაც ახლოსაა. ლეომ შეაგდო 13 ბურთი, სულ რაღაც 3-ით ნაკლები, ვიდრე მიროსლავ კლოზემ. რთულად წარმოსადგენია, რომ 48-გუნდიან მუნდიალზე ინტერ მაიამის კაპიტანმა მოწინააღმდეგეთა კარის აღება 4-ჯერ ვერ შეძლოს.
მითუმეტეს, როდესაც არგენტინა ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიასთან, ალჟირსა და იორდანიასთან ობიექტურად აშკარა ფავორიტია. კრიშტიანუს მუნდიალებზე "ლა პულგასთან" შედარებით ბურთებიც ნაკლები აქვს (8) და შეხვედრებიც (22), მაგრამ ციფრები ახლა მეორეხარისხოვანია, ვეტერან ფორვარდს აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ: მუნდიალის მოგება.


















