პარი სენ-ჟერმენში მომდევნო სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, პარიზულ გრანდს საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს გუნდი სერიოზულ შევსებას მიიღებს.
კლუბი რამდენიმე პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ფორვარდის პოზიციაა. თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გონსალუ რამუში სეზონის დასრულების შემდეგ პსჟ-ს დატოვებს, რის გამოც გუნდს ახალი თავდამსხმელი დასჭირდება.
რაც შეეხება მთავარ სამიზნეს, პარიზულ კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ლუის ენრიკესა და ლუიშ კამპუშს ამ პოზიციისთვის ფავორიტი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ — ეს კი ხულიან ალვარესია.
პარი სენ-ჟერმენი, რომ ხულიან ალვარესით ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველად 2025 წლის ნოემბრის თვეში გაცნობეთ, ახლა კი მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა, სადაც არგენტინელის პოტენციური ტრანსფერი განიხილეს.
ხულიან ალვარესის პოზიციაც ცნობილია — ფეხბურთელს ატლეტიკო მადრიდის დატოვება არ სურს, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველა საინტერესო შეთავაზების განხილვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენის გარდა საქმეში ბარსელონაც ფიგურირებს, რომელიც ალვარესის ტრანსფერზე უკვე დაახლოებით ერთი წელია მუშაობს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ხულიან ალვარესის მომავალთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















