პარიზში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა, ქართველმა ძალოსნებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა. საქართველოდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე ლაშას გარდა კიდევ 2 ძალოსანი გავიდა, ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) მე-5, შოთა მიშველიძემ კი (61 კგ.) მე - 6 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზუსტად 20 წლის წინ გახდა, 2004 წლის 21 აგვისტოს ქართველმა ძალოსანმა ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონობა, პარიზის ოლიმპიადა და ქართველების ასპარეზობა, დაბრუნდება თუ არა ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე და ქართული ძალოსნობის სამომავლო გეგმები, - ამ თემების შესახებ, გიორგი ასანიძემ
სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- ზუსტად 20 წლის წინ გახდით ოლიმპიური ჩემპიონი, როგორ გაიხსენებ იმ წუთებს?
- მადლობა ყველას, ვინც ჩემ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება ეს არის ჩვენი ქვეყნის საკუთრება, რომელიც ისტორიას დარჩა. 21 აგვისტო ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და სპორტულ კარიერაში მთავარი სურვილის ასრულების დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი პრობლემა შევძელი და მთავარი ოცნება ავისრულე, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. 2000 წელს ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოვიპოვე, 2004-ში კი ოლიმპიური ოქრო მოვუტანე ჩემს ქვეყანას. მადლობა ყველას, ვისაც ამ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის, ჩემი მწვრთნელი ვანო გიქუროვი, გოგი თორაძე და ყველა ადამიანს, ვინც ამ გამარჯვებაში იყო ჩართული.
- 2004 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ზაფხულის ოლიმპიადებზე დამოუკიდებელი საქართველოს ასპარეზობის რანგში, პირველად მოიპოვეთ ოქროს მედლები..
- დიახ, 18 აგვისტოს ზურაბ ზვიადაურმა მოგვიტანა პირველი ოქრო და მისმა გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა.

- პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი, ტრავმების ფონზე თუ გქონდათ ამ შედეგის მოლოდინი?
- თქვენ აკვირდებოდით რამდენად რთულად მიმდინარეობდა შოთა მიშველიძის ასპარეზობა, მას ტრავმებმა შესაძლებლობა არ მისცა სრულფასოვნად ევარჯიშა, თუმცა სამედიცინო გუნდის დახმარებითა და შოთას მონდომებით შევძელით რომ ფიცარნაგზე გასულიყო. მედლისთვის იბრძოდა და ცოტა დააკლდა ირაკლი ჩხეიძეს. ლაშას გამარჯვება რა თქმა უნდა იყო ისტორიული, ჩვენ ფედერაციაში გვყავს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, არ შეიძლება არ აღვნიშნო კახის დახმარება და მხარდაჭერა ქართული ძალოსნობის მიმართ რთულ პერიოდში. ლაშამ მძიმე წონაში, აბსოლუტურ წონაში შეძლო ამხელა შედეგის დაფიქსირება და ვუსურვებ საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას.
- ლაშა ტალახაძე არ ყოფილა საუკეთესო ფორმაში, მოუწია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამოტოვება...
- კი ლაშამ ბევრი სირთულე გამოიარა ოლიმპიადამდე, მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობა იყო. ყველა სირთულის ვარჯიშებს განვიხილავდით, საუკეთესო სიტუაციაში როგორ უნდა ყოფილიყო, ცუდ შემთხვევაში როგორ, ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა რომ ლაშა შესაბამის ფორმაში ყოფილიყო. მინიმუმი იყო ოლიმპიური ოქრო, იყო მაქსიმუმიც თუ მისი ჯანმრთელობა მოგვცემდა შესაძლებლობას. ჩვენთვის მთავარი იყო ლაშას ჯანმრთელობა და რისკების გარეშე ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა, ძალიან დასაფასებელია ის, რაც ლაშამ ოლიმპიადაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ ვულოცავ. მადლობა მას რომ ასე გაართვა თავი. გუნდური პირველი ადგილი ძალიან კარგი შედეგია, როცა ოლიმპიურ თამაშებზე ასეთ შედეგს აღწევ ჩვენთვის ეს დამატებითი სტიმულია.
- წონების შეკვეთისას რა მთავარ კრიტერიუმებს ითვალისწინებთ?
- მთავარი კრიტერიუმი არის სპორტსმენის მაღალი შედეგის მიღწევა, გარემოება, ვის რა დავალება აქვს, კონკურენტების შესაძლებლობები, ვინ გაართმევს თავს, ხანდახან იღბალიც მნიშვნელოვანია.
- შეჯიბრის დროსაც გიწევთ წონების შეცვლა...
- შეჯიბრის დროს წონებზე გადაწყვეტილებას იღებს მთავარი მწვრთნელი, ამ დროს ვიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, მთავარია რომ გამარჯვებულები გამოვიდეთ, ეს სპორტსმენსაც გაცნობიერებული აქვს.
- რამდენად შეუძლია ლაშას სრულფასოვნად გააგრძელოს ვარჯიში?
- ამ დროისთვის ლაშა ისვენებს, აგვისტოს ბოლოდან დავიწყებთ შეკრებას. მთავარია მისი ჯანმრთელობა იყოს იდეალური და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, კარგი იქნება თუ გააგრძელებს კარიერას. რა თქმა უნდა, გვინდა მივიდეს ისტორიულ გამარჯვებამდე, რაც მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა. მეც არ მინდა ლაშა დამარცხებული წავიდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, აქამდე მე და ჩემს გუნდს, ჩვენ სამწვრთნელო შტაბს არც არასდროს დაგვიხევია უკან, ჩვენ ვცდილობთ რაც შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ ლაშას ხელი რომ შეეწყოს.

– 500 კილოგრამი შესაძლებელია? კარიერის დასრულების ვერსიამაც გაიჟღერა..
- თუ გადმოერთვება ძალოსნობაზე, თუ მთავარი მიზანი იქნება შედეგი, მე დარწმუნებული ვარ მიახლოვდება ხუთასსაც. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის ფაქტორი გასათვალისწინებელია. მთავარია, პრინციპული, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება.
- რას იტყვით ახალგაზრდა ქართველ ძალოსნებზე, რა მოლოდინი გაქვთ?
- ჩემი პატივისცემა ყველას, ლაშა ტალახაძე როცა გვყავს რთულია ისაუბრო მის შედეგებთან მიახლოებულ შედეგებზე, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. არ მინდა კონკრეტულად ვინმე გამოვყო, თუმცა ჩვენ ასაკობრივ ნაკრებებს რომ გადავხედოთ, გეტყვით, ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ძალოსანი გვყავს. ახლა თვის ბოლოდან შეკრებას დავიწყებთ და საქართველოს ჩემპიონატისთვის მოვემზადებით, რომელიც 6-10 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება ესპანეთში, შემდეგ 21 და 23 წლამდელებში ევროპის ჩემპიონატში, დეკემბერში კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატი. რაც შეეხება ლაშას, თვის ბოლოს გვეცოდინება ყველაფერი.
საქართველოს ძალოსანთან ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა


















