ჩელსი ახალი სეზონისთვის მზადებას, დიდი ხნის წინ შეუდგა. ენცო მარესკამ ახალ გუნდში მუშაობა უკვე დაიწყო, გაკეთდა ახალი ტრანსფერებიც, თუმცა ჩელსი ამაზე გაჩერებას არ აპირებს — გუნდი ახალ მეკარეს ეძებს, ფეხბურთელს, რომელიც რობერტ სანჩესს პირველ ნომრობაში კონკურენციას გაუწევს.
ლონდონურ კლუბს ჯორჯე პეტროვიჩის გაყიდვა სურს, მის სანაცვლოდ კი გუნდი ახალ მეკარეს დაიმატებს. დადასტურებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი ლონდონური გუნდის სატრანსფერო სიაში იყო, თუმცა არსებობს 3 ფაქტორი, რომლის ფონზეც, 23 წლის კიპერის სტემფორდ ბრიჯზე ტრანსფერი, ამ ეტაპისთვის გამორიცხულია:
1. გიორგის ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ, ქართველმა ფეხბურთელმა ევრო 2024-ის მიმდინარეობისას ისაუბრა - ჩელსი კი როტაციის მეკარეს ეძებს;
2. ჩელსი დაიმატებს ისეთ მეკარეს, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და შეუძლია გუნდის შეტევები დაიწყოს. ლონდონურ გუნდში ფიქრობენ, რომ მამარდაშვილი ტოპ მეკარეა, თუმცა ამ კომპონენტში საკმაოდ სუსტია;
3. სატრანსფერო ფასი — გიორგის ფასი ევრო 2024-ის შემდეგ, €45 მილიონი გახდა (Transfermarkt.com-ის მიხედვით) და ვალენსიაც დაახლოებით ამ თანხას ითხოვს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ. ამ მომენტისთვის, ჩელსი მეკარეში ამხელა თანხის გადახდას არ გეგმავს, რადგან მათთვის პრიორიტეტული სხვა პოზიციების გაძლიერეება;
ჩელსი - მამარდაშვილის თაობაზე, ამ მომენტისთვის ეს სიტუაციაა. გიორგი ვალენსიას პრესეზონს ივლისის ბოლოს შეუერთდება. ამ დრომდე, ესპანურ კლუბს ქართველის სანაცვლოდ, ახალი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა უახლოეს კვირებში, ქართველი ფეხბურთელის გარშემო, სიახლეებს ველოდებით.