სერ ალექს ფერგიუსონის აზრით „ყველა დროის საუკეთესო შოტლანდიელი“. საკულტო გმირი, ოლდ ტრაფორდის „წითური მეფე“. ფეხბურთის ჯეიმს დინი, წითელი თავით და ქარიზმატული მოძრაობებით. ასეთ ფეხბურთს არავინ აღარ თამაშობს, აბა, წარმოიდგნიეთ რა იქნებოდა ამ სამეულის ხილვა ოცნებების თეატრში - ლოუ, ბესტი, ჩარტლონი. 50-იანების „თეთრი ბალეტის“ მერე, ალბათ ყველაზე დიდი ტრიო ევროპულ ფეხბურთში.

იუნაიტედის შემადგენლობაში 337 გოლი შეაგდო, 404 შეხვედრაში. შოტლანდიის ნაკრებში მისი დებიუტი 1958 წელს შედგა, უელსის ნაკრების წინააღმდეგ, 18 წლის ლოუ სერ მეტ ბასბიმ გამოიძახა ნაკრებში. ასე დაიწყო მისი სანაკრებო ისტორია და 55 მატჩს მოუყარა თავი, გაიტანა 30 გოლი, რეკორდულ მაჩვენებელს კენი დალგლიშთან იყოფს, უბრალოდ, კენის 102 მატჩი დასჭირდა ამ შედეგის მისაღწევად, გაცილებით სუსტ გუნდებთან, გაცილებით ძლიერი შოტლანდიის ნაკრებით.
ბიტი, შენკლი, ბასბი

1961 წელს ტორინოში გადავიდა და ერთი წელი იტალიის სერია ა-ში გაატარა. ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო, მაგრამ იტალია მისი ჩემპიონატი მაინც არ გამოდგა, ზედმეტი ჩარჩო იყო, ზედმეტი გათვლა ტაქტიკაზე, ლოუ სხვა ენაზე მეტყველებდა, ამიტომ, როცა მისთვის ბრძოლა დაიწყეს მანჩესტერმა და იუვენტუსმა, ლოუმ მანჩესტრი აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ იუვე მეტს უხდიდა, რა თქმა უნდა, მეტ ბასბის უფრო კარგად გაუგებდა, ვიდრე, უმბერტო ანიელის, რომელიც დიდძალ თანხას ჰპირდებოდა. სერ მეტ ბასბი მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი იყო და დააბრუნა კიდეც მანჩესტერში. ბასბი მიუნხენის ტრაგედიის მერე ახალი მანჩესტერის შენებას იწყებდა, მძიმედ დაიწყეს და მერე გაფრინდნენ! ლოუს სადებიუტო სეზონში მანჩესტერი ჩემპიონატის 22 გუნდს შორის მე-19 ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, ასოციაციის თასი მოიგეს, ლოუმ სამიდან პირველი გოლი შეაგდო ლესტერთან ფინალში. როგორც იქნა, თავისი ადგილი იპოვა, აი, მერე დაიწყო რაც დაიწყო. უამრავი გოლი, ალან შირერივით აწეული ხელი, ოღონდ ერთი განსხვავებით, ლოუს ყოველთვის თითი ჰქონდა ცისკენ აპყრობილი. მაშინვე იქცა საკულტო აღნიშვნად, რომელსაც ყველა ბავშვი და მოზარდი იმეორებდა მანჩესტერის ქუჩებში. წითლების შემადგენლობაში ყველაფერი მოიგო - ინგლისის ჩემპიონატი, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა თასი და ოქროს ბურთიც დაიმსახურა.

ცუდი ის იყო რომ 1968 წელს უემბლის ფინალი გამოტოვა, მანჩესტერი ბენფიკას შეხვდა ფინალში, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში იუნაიტედმა სამი უპასუხო გოლი გაიტანა. ოლდ ტრაფორდის 28 წლის „წითურ მეფეს“ მუხლის ტრავმა ჰქონდა და მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ამ მატჩის გამოტოვება იყო, ხასიათზე მხოლოდ სერ მეტ ბასბის სტუმრობამ მოიყვანა, საავადმყოფოში ჩემპიონთა თასით ხელში დაადგა.
დენის ლოუ უკანასკნელი მატჩის ჩასატარებლად ემზადებოდა ინგლისის ჩემპიონატში. პირველ წრეში იუნაიტედის წინააღმდეგ ვერ ითამაშა, სამაგიეროდ, სულ ბოლო ტურში მიეცა ამის საშუალება, მეფე ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა, მანჩესტერულ დერბიში, ამაზე დრამატული დასასრული წარმოუდგენელია, 42-ე ტურის წინ იუნაიტედი გასავარდნ ზონაშია და მხოლოდ მოგება სჭირდება, სიტი კი ცხრილის შუა ნაწილშია და საერთოდ აღარ აქვს სატურნირო მოტივაცია, მაგრამ ორ კლუბს შორის, ეს იყო ბრძოლა ქალაქისთვის, დენის ლოუსთვის კი ეს იყო მატჩი ღირსებისთვის. ამაზე დიდი მოტივაცია რა შეიძლება იყოს? იუნაიტედის ქომაგების ყველაზე დიდ შიშს ოლდ ტრაფორდის გმირმა, „წითურმა მეფემ“, „წმინდა სამების“ ერთ-ერთმა წევრმა შეასხა ხორცი - ოცნებების თეატრში საოცნებო გოლი შეაგდო, ქუსლით, ალექს სტეფნის კარში, არ აღუნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გამოდგა,
ნაკრებში ბოლო გოლი 1972 წელს შეაგდო ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების კარში. უყვარდა მათ კარში გოლის გატანა, ეს ალბათ შიდა კონკურენციის ამბავია ჯორჯ ბესტთან.

ყველაზე ცნობილი გოლი ნაკრებში? ყველაზე დიდი გამარჯვება? ერთმნიშვნელოვნად 1967 წელს, ინგლისის ნაკრებთან. როგორი ამბავია, ამ დროს ინგლისი მსოფლიო ჩემპიონია, შოტლანდიამ კი 3:2 დაამარცხა უემბლიზე. ზღაპრული დღე იყო შოტლანდიელთათვის. მთელი შოტლანდია ერთხმად მღეროდა - „ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ!!“ - ვერავინ დედამიწის ზურგზე, მით უმეტეს ფიფა, ვერ დაარწმუნებდა ამ ხალხს რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონები არ იყვნენ. ვერც იმის თქმას გაბედავდა ვინმე, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, ყველამ კარგად იცოდა, რომ შოტლანდია - ინგლისი ამხანაგობას სცდება.
შოტლანდიური ფეხბურთის დიდების დარბაზში 2004 წელს შეიყვანეს. „ის განასახიერებს ყველაფერ იმას, რასაც შოტლანდიელი კაცი უნდა განასახიერებდეს“, - თქვა სერ ალექსმა.

The Guardian-ის მიმომხილველმა, რიჩარდ უილიამსმა კი სტოკ სიტის ლეგენდარული მწვრთნელის ტონი ვედინგტონის სიტყვები გაიხსენა - „რა არის ფეხბურთი? მუშათა კლასის ბალეტი.“ მართლაც, გენიალური სიტყვებია. რაზე ფიქრობდა ამ დროს ვედინგტონი?! - ალბათ, ბევრ რამეზე, ალბათ, დენის ლოუზეც.




















