ოთხშაბათს ასტონ ვილა სელტიკს უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც ამით დასრულდება, სხვადასხვა გამოცემების მიხედვით ამ გუნდებს არასდროს უთამაშიათ ერთმანეთთან, არადა, ორივეს მდიდარი წარსული აქვს, ორივეს ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. ერთს 60-იანებში, მეორეს 80-იანებში. ერთმა ინტერი დაამარცხა, მეორემ ბაიერნი. ამ დინოზავრებზე საუბრისას კიდევ სულ თბილისის დინამო მახსენდება, იმიტომ, რომ ადრე იყო ეგ ამბავი და ახლა ძალიან შორს არიან ამისგან. ამბავი კი მართლაც დიდებულია და გასახსენებლადაც ღირს. ზღაპარია გლაზგოს ქუჩებზე, ნაცრისფერ ქალაქზე, რომელიც მწვანედ შეიღება.
ლისაბონის ლომები
სამოციანების გლაზგო მეგობრული და ცოტა საშიში ქალაქი იყო, მჭიდროდ დასახლებული მუშათა კლასის წარმომადგენლებით, გემთმშენებლებითა და მეშახტეებით, ტუბერკულიოზის მაღალი მაჩვენებლით, მზის ნაკლებობით, დეპრესიული ფონით, მძიმე სამუშაო პირობებით, საღამოს საათებში ალკოჰოლის მაღალი დოზით, სკოლის საათებში ტყავის ბურთით, კედელ-კედელ, ასფალტის მოედნებზე, ძველთბილისურად.
1967 წლის ტრიუმფატორი სელტიკის ყველა ფეხბურთელი სტადიონიდან 30 მილის რადიუსში დაიბადა, ექვსი კიდევ სულაც ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა. ის რაც ბავშვობაში სახლის წინ ეზოში დაიწყეს, ეგერ ლისაბონში დაამთავრეს, ბავშვობაში შეწუხებული მეზობლები პარაზიტებს ეძახდნენ, ბიჭობაში კიდევ ლომები უწოდეს. გლაზგოს პროტესტანტული მხარეც სუნთქვდა, რა თქმა უნდა, არა ისე ძლიერად, როგორც კათოლიკეები, მაგრამ ამავე წელს რეინჯერსიც თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა, სადაც მიულერისა და ბეკენბაუერის ბაიერნთან დამარცხდა. გლაზგო ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ამ ორი კლუბის დაპირისპირების ამბავი ყველასთვის ცნობილია, თავისი კათოლიკურ-პროტესტანტული განშტოებებით, ცუდი ბევრი ყოფილა, კარგი იაშვიათად, სიკეთე კი საერთოდ არ ყოფილა ერთი შემთხვევის გარდა, თავში ვახსენე ეს ზღაპარია-მეთქი და ზღაპრის სცენარით სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე.


უნდა ითქვას რომ ინტერს დიდი დანაკლისიც ჰქონდა, ლუის სუარეს მირამონტესმა გამოტოვა ეს შეხვედრა, თავისი დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ერთადერთმა ესპანელმა, რომელსაც ოქროს ბურთი არგუნეს. თუმცა, ინტერს ვარსკვლავები მაინც არ აკლდა, არც გამოცდილება, არც თავდაჯერება, მათ უკვე ჰქონდათ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა თასი მოგებული. ანგარიში მე-7 წუთზე სანდო მაცოლამ გახსნა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ერერას გუნდი რომ წინ გავა, მერე ძალიან რთულია მატჩის მოტრიალება, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს შეძლეს - 63-ე წუთზე გიმელმა გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი ჩალმერსმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი. რას ფიქრობდა ნეტავ ამ დროს ექიმი პიტერ მაკენზი?!

„მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება მომანიჭა იმან თუ როგორ მოვიგეთ ეს მატჩი. ჩვენ ფეხბურთი ვითამაშეთ, ნამდვილი, ლამაზი ფეხბურთი. ერთი უარყოფითი ფიქრიც კი არ ყოფილა ჩვენს გონებაში.“- თქვა მატჩის შემდეგ სტეინმა. ორი კვირის შემდეგ ალფრედო დი სტეფანომ მოითხოვა გამოსამშვიდობებელ მატჩში ბერნაბეუზე სელტიკი დაეპატიჟებინათ, ერთი მხრივ იმიტომ, რომ მათ მოიგეს ის თასი, რომელიც მადრიდის რეალს დასაბამიდან თავისი ჰგონია, მეორე მხრივ იმიტომ, რომ დი სტეფანოს ძალიან მოსწონდა ჯონსტოუნის თამაში, თავის თავსაც აგონებდა, მათ შორის გარეგნობითაც, ოღონდ, ალფრედოს ყველა კბილი ადგილზე ჰქონდა.
ბირმინგემელი ანდერდოგები
ასტონ ვილამ ჩემპიონთა თასი 1982 წელს როტერდამში იზეიმა. ფინალში მიუნხენის ბაიერნი დაამარცხეს, თავისი ბრაიტნერითა და რუმინიგეთი. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ბაიერნი იყო, მიუხევადა იმისა, რომ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ოქროს ხანა იდგა ევროპაში. მით უმეტეს, ვილა უშანსოდ ჩანდა, როცა მატჩის დაწყებიდან მეათე წუთზე მეკარე ჯიმი რივსმა კისრის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მის ნაცვლად 23 წლის ნაიჯელ სფინქი შემოვიდა, რომელიც კარიერაში სულ რაღაც მეორე შეხვედრას ატარებდა, პირველი 1979 წელს ითამაშა ბოქსინგ დეიზე. ფინალში მეკარის ცვლილება გვინახავს, კი ბატონო, მაგრამ კონტექსტია განსხვავებული. იკერ კასილასი უკვე ვარსკვლავი იყო, როცა 2001/02 წლების სეზონში ბოსკემ სესარი ამჯობინა, გამოსვლებზე უკეთესიაო, იკერი სკამზე გადასვა და ბედისა თუ ღმერთის წყალობით მაინც გამოვიდა ფინალის ბოლო წუთებზე, მოაგებინა კიდეც მადრიდის რეალს, მერე ცრემლიც ღვარა და მომდევნო სეზონიდან მყარად დამკვიდრდა მადრიდელთა კარში.

სფინქი არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, ასე იყო მწვრთნელი ტონი ბარტონიც, სულ რაღაც 25-ე შეხვედრაში უძღვებოდა ასტონ ვილას. მწვრთნელობამდე სკაუტებს ხელმძღვანელობდა, მერე კი რატომღაც მას გადააბარეს პოსტი. ჩემპიონატში ნაჩვენები საშინელი შედეგებისა და კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო თანამდებობა რონ სანდერსმა დატოვა. გუნდი მე-17 ადგილზე იყო ჩემპიონატში, სულ რაღაც სამი ქულა აშორებდა გასავარდნ ზონას. სანდერსი ზედ კიევის დინამოსთან მატჩის წინ გადადგა. ამ დროს ვილას ორი ეტაპი უკვე გავლილი აქვს - დაამარცხეს რეიკიავიკი და ბერლინის დინამო. კიევის დინამო კიდევ სულ სხვა გამოწვევა იყო ასტონ ვილასთვის. თუმცა, კიევურ გამოცდილებამდე დაძაბულობამ პიკს მიაღწია - ვილადან გაშვებულმა სანდერსმა მაშინვე ჩაიბარა ყველაზე პრინციპული მეტოქე, იმავე ქალაქის მკვიდრი, ბირმინგემ სიტი, და მაშინვე დამარცხდა თავის ყოფილ კლუბთან. ეს ბარტონის პირველი მოგება იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. ვილას ქომაგები ყოფილ მწვრთნელს უმღეროდნენ - „სანდერს, ალბათ სიბრაზისგან გიჟს ჰგავხარ, ახლა აღარავის სჭირდები.“

ბარტონმა საწყისი 12 მატჩიდან 7 მოიგო. გავარდა ასოციაციის თასიდან, ტოტენჰემთან ბრძოლაში. ასე რომ, მთელი ძალებით ჩემპიონთა თასზე გადაერთო. მარტივი არ იყო. იალტაში გაჩერდნენ, სიმფეროპოლში უნდა ეთამაშათ კიევის დინამოსთან, რომელსაც ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა, ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრები ძირითადად სწორედ კიეველებმა დააკომპლექტეს. ასტონ ვილამ კვებაზე თავად იზრუნა, წაიღეს დიდი რაოდენობის ხორცი, 12 კოლოფი კვერცხი, 112 ფუნტი კარტოფილი, პური, ყავა და ჩაი. ოტელში გორდან კოვალმა პურზე კარაქი გადაისვა და როგორც მოგვიანებით ყვებოდა მკვდარი ტარაკანაც გადააყოლა, რასაც გვარიანი წივილ-კივილი მოჰყვა ინგლისელთა ბანაკში.
ასტონ ვილამ 0:0 ითამაშა კიევის დინამოსთან და ეს იყო უდიდესი „გამარჯვება“ პლეიოფების გზაზე. განმეორებით შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს მეტოქე და ბარტონმა კუთვნილი კონტრაქტიც მიიღო. 1/2 ფინალში ვილას ანდერლეხტი შეხვდა. ბელგიური საკლუბო ფეხბურთი კარგ გზაზე იდგა, ნაკრებიც ძლიერი ჰყავდა. სანამ ჩემპიონთა თასზე ასტონ ვილა ანდერლეხტს ხვდებოდა, თბილისის დინამოს თასების თასზე მეტოქედ ლიეჟის სტანდარტი ერგო. იქ შეძლეს ბელგიელებმა ფინალში გასვლა, ჩემპიონთა თასზე კი ვილა გამოდგა უკეთესი.
ასტონ ვილამ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ანდერლეხტი, გასვლაზე კი დიდი ომი ელოდათ, ფინალისტის ბედი წყდებოდა. ვილას სულ მცირე 600 უბილეთო ქომაგიც გაჰყვა, მაგრადაც იჩხუბეს, ბევრი დაშავდა, ბევრიც დაიჭირეს, ჩხუბი თამაშამდეც ატყდა ტრიბუნებზე და თამაშის დროსაც, ქომაგები მოედანზეც შემოცვივდნენ რის გამოც მსაჯმა ფეხბურთელებს გასახდელისკენ მიანიშნა. გავარდნენ თავშესაფარში და როგორღაც გაგრძელდა შეხვედრა. არადა, დღეს რომ ასეთი რამ მოხდეს თამაში მაშინვე გადაიდება.
მატჩი 0:0 დასრულდა, ვილა ფინალში გავიდა, მაგრამ ანდერლეხტმა იჩივლა, მატჩის გადადებას ან ვილას მოხსნას ითხოვდნენ, საბოლოოდ, ფინალისტებს 14 500 ფუნტის გადახდა აკმარეს, პლუს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში მომდევნო სეზონში. ამაზე არავის უდარდია, ვილა ფინალში იყო და მთავარი ტიტულის მოგება შეეძლოთ საკლუბო ფეხბურთში. მოიგეს კიდეც.

დღესაც, ვილა პარკზე კომენტატორ ბრაიან მურის კომენტარი ბანერზეა წაწერილი - „შოუ, უილიამსი, წაიღო ბურთი მარცხნივ, კარგი პასი ტონი მორლიზე.. ოჰ, უნდა გავიდეს! არის! პიტერ ვითი!“ - უბრალო სიტყვებია. უბრალო გვარები. მაგრამ, აბა დაწერეთ კოტე მახარაძის სიტყვები - „ყიფიანი, დარასელია, შევიდა საჯარიმოში, შეიძლება დარტყმა.. მოატყუა მეორეც.. დარტყმა კარში.. გოოლ! გოოოლ! გოოოლ!“ - როგორ ისმის? - მაგარია. რუსულად თქვა და მაინც ქართულად ახსოვს გონებას.
ბარტონის ამბავის მსგავსი რამ კი მომავალშიც ვნახეთ ინგლისურ ფეხბურთში - ჩელსის თავკაცის პოსტი ანდრე ვილაშ-ბოაშმა შუა სეზონში დატოვა, მის ნაცვლად რობერტო დი მატეო დაინიშნა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, თანაც ვისთან? - ბაიერნთან.
ტრიუმფიდან ხუთი წლის მერე ასტონ ვილა ინგლისის პირველი დივიზიონიდან გავარდა. მერე დიდი და რთული გზა განვლო, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზეა და სელტიკთან მატჩისთვის ემზადება.




















