საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად, ქალაქ რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, რუევიცაზე, პენალტების სერიაში მოიგო (6-7) და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.
LaGazzetta.ge 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ნოდარ ლომინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა ზედიზედ სამ მატჩში მოახერხა.
- სატელევიზიო კადრებში არ ჩანს და არც ისმის, რომ როდესაც პენალტების სერია დაიწყო და მეტოქეს თერთმეტმეტრიანი გაუტანე, მაშინვე ნაკრების მეკარესთან, ლუკა ხარატიშვილთან მიირბინე და შეუძახე: ,,შენს იმედზეა მთელი საქართველო". თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი იყო?
- კი, ამ დროს დასარტყმელი ბოლო 2 პენალტი იყო. ხარატიშვილის ნამდვილად მეიმედებოდა. ფსიქოლოგიური მომენტი იყო. ვიფიქრე, გავამხნევებდი. მივაძახე, რომ მისი იმედი მთელს საქართველოს ჰქონდა.
ლუკასთან მისვლამდეც, როდესაც პენალტების სერია დაინიშნა, მჯეროდა, რომ ეს აუცილებლად გამოგვივიდოდა, რადგან ხორვატებზე მეტად გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით.
- მატჩისწინა დღეს პენალტებზე ივარჯიშეთ. ,,პანენკის" დარტყმა გადაწყვეტილი გქონდა?
- არა, ეს პენალტების სერიის წინ მიღებული გადაწყვეტილება უფრო იყო. როდესაც 120 წუთი ამოიწურა და მატჩი პენალტებისკენ წავიდა, სწორედ იმ წამებში, საკუთარ თავში ფიქრი დავიჭირე, რომ თუ პენალტს დავარტყამდი, ეს აუცილებლად ,,პანენკა" იქნებოდა.
- როცა გასახდელში შეხვედით, სადაც კამერები აღარ იყო, რა იყო პირველი სიტყვები, რომელიც თანაგუნდელებმა გაცვალეთ და მთავარმა მწვრთნელმა რა გითხრათ?
- გასახდელებში რომ შევედით, მოზღვავებული ემოციები იყო. ერთმანეთს ვეხუტებოდით: ზოგი ჩვენგანი ტიროდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც მღეროდა... როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით - ვილოცეთ, უფალს მადლობა ვუთხარით, რომ ყველაფერი ისე, სასიკეთოდ დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო.
მახსოვს, რამაზმა გვითხრა: ,,თქვენ ეს დაიმსახურეთ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ... რადგან აქამდე, რთული და დიდი გზა გავიარეთ"-ო.
- ბოლო 3 მატჩში 3 გოლი გაიტანე, თანაც ყველა ერთმანეთზე მნიშვნელოვანი...
- ალბათ, საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვიყავი და დავალება სწორად შევასრულე. თითოეული გოლი მართლაც გამორჩეული და მნიშვნელოვანი გამოვიდა. ამ სეზონში, გოლებით ვერ გამოვირჩეოდი, მაგრამ თუ გავიტანე, შემდეგ გოლს გოლი მოსდევს ხოლმე.
- ხორვატიის ქალაქ რიეკაში სულ რამდენიმე ჟურნალისტი ვიყავით. მატჩისწინა დღეებში, თითოელმა ჩვენგანმა მეტოქისგან არასასიამოვნო დამოკიდებულება ვიგრძენით. მაგალითად, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხორვატებმა კითხვა ინგლისურად არ დაგვასმევინეს. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- მატჩისწინა დღეებში ნეგატიური დამოკიდებულება არ გვიგვრძვნია. მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მატჩამდე, ჩვენს ჰიმნზე გამაყრუებელი სტვენა იყო. ასევე, გვისტვენდნენ მაშინაც, როდესაც ბურთს ვიღებდით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაცია იყო.
- სლოვაკეთში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?
- ყველა მიზეზ გარეშე, ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება. მჯერა, რომ ამასაც შევძლებთ, რადგან სამწვრთნელი სტაფისა და ჩემი თანაგუნდელების მჯერა, მათ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.
მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რაღაც ახლის, კიდევ უფრო დიდი წარმატების საწყისი უნდა იყოს.
ტურნირის დებულების მიხედვით, 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდა და 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გარდა, პლეი-ოფის გავლით, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი და ფინეთი გავიდნენ. ასევე, ევრო 2025-ზე ითამაშებენ: სლოვაკეთი (მასპინძელი), დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ტიტული ბათუმში ჩაიბარა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.
ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი, ბრატისლავა უმასპინძლებს, სადაც 16 ნაკრები 4 ჯგუფში მოხვდება.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთში გაიმართება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩვენმა ნაკრებმა 72-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგეხსე…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა…
23 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს. მოგეხსენებათ, გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. გაგნიძე დინამო მოსკოვიდან იჯარის წესით ურალში, რა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბოლო სანაკრებო პაუზას აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ეს არ არის ის შედეგი და ის თამაში, რაც ყველას გვინდა. ვიცი, რომ ყველას გვინდა ისევ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც სიამაყეს და სიხარულს გვანიჭებდა…
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს. ოქროს ბურთთან დაკავშირებით კვარაცხელიას მიმართ ჯერ სიფრთხილეა საჭირო. რაც ამ მოთამაშეში ყველაზე მეტად მომწონს, მისი აგრეს…