არის ასეთი გამოთქმა - ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ფრაზა, რომელიც იდეალურად აღწერს იმ ყველაფერს, რაც არგენტინისა და ესპანეთის ეროვნულმა გუნდებმა აშშ-ს მუნდიალზე გამოიარეს. ვიმოგზაუროთ წარსულის ქრონიკაში, რომელიც ძალიან ჰგავს აწმყოში მომხდარ მოვლენებს.
არგენტინა: 1986-1990, 2022-2026 | მუნდიალის ფინალის წაგება მოქმედი ჩემპიონის რანგში
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონის რანგში შეხვდა წლევანდელ ტურნირს, რომელზეც მივიდა ფინალამდე, სადაც მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ლეო მესისა და "ალბისელესტეს" სხვა მოთამაშეებისგან ელოდნენ ზედიზედ მე-2 მოგებას...მიღწევა, რომელიც 1958-1962 წლების ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემდეგ, ხელშეუხებელია.
"სელესიონის" გულშემატკივრების მოლოდინი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში დამარცხებული იქნა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ინგლისის ეროვნული გუნდი. მექსიკის მუნდიალზე კარლოს ბილარდოს შეგირდებმა პრინციპულ მოწინააღმდეგესთან მოიგეს დიეგო მარადონას ჯადოქრობით, აშშ-ს ტურნირზე კი ზღაპრის ტოლფასი ქამბექით.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო "ღმერთის ხელი" და მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლად წოდებული შედევრი, 2026-ში - რემონტადა, რომელიც 0:1-ის შემდეგ, 85-ე წუთიდან დაიწყო. რაც შეეხება აშშ-ს მუნდიალის მთავარ შეხვედრას, როგორც აღვნიშნეთ, არგენტინამ მინიმალური ანგარიშით ესპანეთთან წააგო.
"ალბისელესტემ" მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირა "ფურია როხას", 36 წლით ადრე კი გერმანიის ნაკრებს. გოლის გატანა "სელესიონმა" ვერ შეძლო ვერც "ბუნდესთიმთან" და ვერც "წითლებთან", ამის გარდა, 2-ვე შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონების კარში დარტყმების რაოდენობა 0-ს უდრიდა.

რაც შეეხება არგენტინის დამსჯელს, 1986 წელს ეს იყო ანდრეას ბრემე, ვინც "მანშაფტს" გამარჯვება მოუტანა ზუსტად შესრულებული პენალტით, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. აშშ-ს მუნდიალზე კი "ალბისელესტემ" შეცვლაზე შემოსული ფერან ტორესის გოლით წააგო.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო პარალელი, რაც უკავშირდება არგენტინელ კაპიტნებს - ორივე მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა იმ ქვეყანაში, რომელშიც იმ მომენტში საკლუბო ასპარეზზე თამაშობდა. "ფეხბურთის უგვირგვინო მეფისთვის" ეს იყო ნაპოლი და იტალია, "ლა პულგასთვის" კი ინტერ მაიამი, აშშ.

ესპანეთი: 2008-2010, 2024-2026 | როცა ევროპის ჩემპიონობა მხოლოდ გახურებაა, წინ კი მუნდიალზე ტრიუმფია
ესპანეთი 21-ე საუკუნეში მიჰყვება ასეთ ტენდენციას - ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონობაც აუცილებლად მოდის. ასე იყო 2008-2010 წლებში, როცა "ლა როხამ" ჯერ მოიგო შვეიცარიასა და ავსტრიაში გამართული კონტინენტის პირველობა, მოგვიანებით კი სამხრეთ აფრიკის მუნდიალიც.
წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მსგავსად, "წითლებმა" გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი გოლი 2010 წლის ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის ექსტრა ტაიმში შეაგდეს. სამხრეთ აფრიკაში ნიდერლანდებთან ესპანეთს გმირად მოევლინა ანდრეს ინიესტა (116-ე წუთი), აშშ-ში არგენტინასთან კი ფერანი (106-ე წუთი).

"ფურია როხას" როგორც 2010 წლის, ისე 2026-ის ფორმაციაში ფუნდამენტურ როლს ბარსელონას ფეხბურთელები თამაშობენ. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე კატალონიური კლუბიდან იყვნენ კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ხსენებული ინიესტა, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და პედრო როდრიგესი.
"წითლების" რიგებში "ბლაუგრანადან" აგრეთვე გვხვდება ვიქტორ ვალდესი, ვინც ასრულებდა იკერ კასილასის დუბლიორის როლს და ლა მასია გამოვლილი სესკ ფაბრეგასი, პეპე რეინასთან ერთად. აუცილებლად სახსენებელია დავიდ ვილაც, რომლის კამპ ნოუზე გადასვლა ჯერ კიდევ მუნდიალის სტარტამდე იყო ცნობილი.

ვისენტე დელ ბოსკე პირველ რიგში ასოცირდება მადრიდის რეალთან, თუმცა მისი იმდროინდელი გუნდი წარმოუდგენელი სწორედ პეპ გუარდიოლას შეგირდების გარეშე იყო. რაც შეეხება თანამედროვე ესპანეთს: დანი ოლმო, პედრი გონსალესი, ხსენებული ტორესი, ერიკ გარსია, პაბლო გავი, ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ჟოან გარსია...ასეთია მუნდიალის ტრიუმფატორთა ბარსელონური დესანტი.
კატალონიური გუნდის დნმ-ი "ფურია როხაში" აგრეთვე აქვთ მარკ კუკურეიას, ალექს გრიმალდოსა და ვიქტორ მუნიოსს. როგორც აღვნიშნეთ, მუნდიალის მთავარ შეხვედრებში გადამწყვეტი ბურთები შეაგდეს ანდრესმა და ფერანმა...სწორედ "ბლაუგრანას" მოთამაშეებმა. სრული დომინაცია კამპ ნოუს მკვიდრთა მხრიდან.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბარსელონას ფეხბურთელების რაოდენობა "წითლებში" უტოლდებოდა დაახლოებით 1/4-ს, 2026-ში კი აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 1/3-მდე გაიზარდა. ბოლოს, კიდევ ერთი დამთხვევა, ან გნებავთ სიმბოლიზმი: ვინ არიან მთავარი ლეგიონერები კატალონიური კლუბის ისტორიაში? იოჰან კრუიფი და ლიონელ მესი...ესპანეთმა მუნდიალის მთავარ შეხვედრებში სწორედ მათი ქვეყნების ეროვნულ გუნდებს მოუგო.

დამთხვევების სერია რომ გაგრძელდეს, რა მოხდება მომავალში?
მარადონა არგენტინის ნაკრებში თამაშობდა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც და დამთხვევების სერიაზე დაყრდნობით, მომავალ მუნდიალზე თავის ეროვნულ გუნდში მესიც უნდა იყოს. აღნიშნული მოსაზრება სულაც არაა რეალობას მოკლებული, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე თითქმის 20 წელია, რაც ლეოს გარეშე "ალბისელესტე" უბრალოდ წარმოუდგენელია.
დიახ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის არგენტინელი შემტევი იქნება 43 წლის, თუმცა მის სიბერესა და პენსიაზე საუბრები ხომ ჯერ კიდევ რუსეთის მუნდიალის დასრულებიდან ისმის. "ალბისელესტეს" კაპიტანმა 39 წლის ასაკში დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და აქედან გამომდინარე, იგივეს გაკეთება არც 4 წლის შემდეგ იქნება გასაკვირი.

განვლილმა მსოფლიო ჩემპიონატმა გვასწავლა, რომ ინტერ მაიამის ათიანისგან გასაკვირი საერთოდ არაფერია. ერთადერთი, რაშიც გვხვდება გრანდიოზული აცდენა დიეგოსა და "ლა პულგას" შორის არის სკანდალები და არასპორტული ცხოვრების წესი. როგორც გვახსოვს, 94-ის მუნდიალზე არგენტინელ ფლეიმეიქერს აღმოუჩინეს დოპინგი, რასაც შემდეგ დისკვალიფიკაცია მოჰყვა.
წარმოგიდგენიათ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეფედრინის ზემოქმედების ქვეშ მოთამაშე მესი, რომლის გამოხედვაც გოლის აღნიშნვის დროს ფიფას პრეზიდენტსაც კი შეაშინებს? აქ, ნაპოლის ექს-კაპიტანსა და ლეოს შორის პარალელების გავლება სრულდება. ესპანეთის ეროვნული გუნდის დროში მოგზაურობა ამ მხრივ რეალობასთან ახლოს უფრო არის.

როგორც გვახსოვს, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2010-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, "ფურია როხამ" კონტინენტის პირველობა მიყოლებით მეორედაც მოიგო. გერმანიისა და აშშ-ს ტურნირებზე ტრიუმფზე დაყრდნობით, რა უშლით ხელს "წითლებს" თასის აღმართვაში ინგლისშიც? საერთოდ არაფერი.
2024 - 2026 წლებმა გვაჩვენა, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის გამჩერებელი არავინაა, არც მთელს მსოფლიოში და არც მითუმეტეს, მხოლოდ ევროპაში. თანამედროვე ესპანეთმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ შეიძლება თავისი კონტინენტის უძლიერესი ეროვნული გუნდების განეიტრალება, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, პორტუგალიისა და სხვების.

"ფურია როხა" ულაპარაკოდ იქნება 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი, თანაც გამოკვეთილი. იგივე ხდებოდა 2012-ის ტურნირზეც და ბევრის აზრით, იმდროინდელი "წითლების" უძლიერესი ვერსია სწორედ პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარებულ ევროზე იყო. ყველაზე მწარედ აღნიშნული რამ გამოსცადა იტალიის ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც დელ ბოსკეს შეგირდებისგან 4 უპასუხო ბურთი გაუშვა.
ისტორიამ გვაჩვენა, რომ მარადიული არაფერია და გამონაკლისი არც ესპანეთის დომინაცია აღმოჩნდა. როგორც გვახსოვს, 2008 - 2012 წლების საუკეთესო ნაკრების კრეისერი ჩაიძირა ბრაზილიის მუნდიალზე, რომელზეც "ლა როხა" ჯგუფში ჩარჩა. ვნახოთ, როგორი იქნება თანამედროვე ფორმაციის "წითლების" ბოლო ცეკვა.






















