ბაიერნი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა — კომპანის გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს, ჰიროკი იტოს დამატების შემდეგ, "რეკორდმაისტერმა" მაიკლ ოლისეს ტრანსფერიც შეათანხმა. გერმანულმა გრანდმა, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის პუნქტი აამოქმედა. კრისტალ პალასი ამ გარიგებით €60 მილიონს მიიღებს, ფეხბურთელი კი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბაიერნის გარდა ოლისეს დამატება ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედსა და ნიუკალს სურდათ, სამივე გუნდი მზად იყო ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გადაეხადა, თუმცა ფრანგმა ბაიერნი აირჩია - მიზეზი? ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. არც ჩელსი, არც მანჩესტერი და არც ნიუკასლი მომდევნო სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბი ტურნირზე წარმოდგენილი არ იქნება, შესაბამისად, ბაიერნმა კონკურენტებს მარტივად აჯობა.
ოლისე კრისტალ პალასის ღირსებას 2021 წლიდან იცავს. ამ დროში, ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა 90 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 25 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.