დეზირე დუეს საგა ოფიციალურად დასრულდა — 19 წლის შემტევი ნახევარმცველი რენიდან კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება სულ რამდენიმე საათის წინ მიიღო! დუეს არჩევანის გაკეთება მოუწია, ტრანსფერი ბაიერნში ან სამშობლოში დარჩენა და როგორც ჩანს, ფეხბურთელმა უპირატესობა პარიზულ კლუბს მიანიჭა.
მხარეებს შორის, დაახლოებით, €60 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. დეზირეს პარიზში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
დუე რენის აღზრდილია და 2022 წლიდან მთავარ გუნდში თამაშობს. ამ დროში, ფეხბურთელმა 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ფეხბურთელი საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, დაწყებული 17-წლამდელებით და ოლიმპიური გუნდით დასრულებული. ამჯერად, 19 წლის ფეხბურთელისთვის ახალი ეტაპი იწყება, ლუის ენრიკე და ლუიშ კამპუში ახალგაზრდა ტალანტს პარიზში ელოდებიან.