საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დასკვნითი შეხვედრა გამართა და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი რამაზ სვანაძის ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა, რადგან 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამარჯვებითა და ჯამური, 19 ქულით, რამაზ სვანაძის გუნდმა C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ისტორიულ პლეიოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე 17 ოქტომბერს, კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. შესაძლოა, ჩვენი მეტოქე: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი ან ნორვეგია იყოს.
პლეი-ოფის 2-მატჩიანი დაპირისპირებები, 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო