La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ თელავს, რომელმაც დასრულებულ სეზონში, 2-მატჩიანი პლეიოფის შედეგად უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, 44 წლის ვალერი გაგუა ჩაიბარებს.
ვალერი გაგუა დინამო თბილისში 2019 წლიდან დაბრუნდა და 14-წლამდე გუნდი ჩაიბარა, მომდევნო წლიდან 19-წლამდე შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ დროში, გუნდთან ერთად: ორჯერ ოქროსა და ერთხელ ვერცხლის მედალი მოიპოვა. გაგუამ, დასრულებული სეზონი, ასევე დინამო 2-ში გაატარა და გუნდთან ერთად დინამო 2-სთვის მაქსიმუმი - ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. გაგუას დინამო 2-მა 36 მატჩში 15 შეხვედრა მოიგო, 15 მატჩში დამარცხდა, 6 ფრედ დაასრულა, გაიტანა 51 გოლი.
რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით დინამო თბილისი სპეციალისტს დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა.
საფეხბურთო კლუბი თელავი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს. ასევე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი დინამო 2-ის მთავარი მწვრთნელის ვინაობაც. ხოლო, რაც შეეხება უმაღლეს და ეროვნულ ლიგა 2-ს, ამ ეტაპისთვის, საქართველოში საფეხბურთო სეზონის განახლების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია დინამო თბილისის ფოტო