დორტმუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად შეუდგა. მას შემდეგ, რაც გუნდი ნური შაჰინმა ჩაიბარა, "შავ-ყვითლებმა" ახალ ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყეს. დორტმუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი გარიგება უკვე დახურა: ვალდემარ ანტონი და სერუ გირასი შტუტგარტიდან კარიერას სიგნალ იდუნა პარკზე გააგრძელებენ!
დორტმუნდმა ორივე ფეხბუთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხა აამოქმედა — შტუტგარტი ანტონის სანაცვლოდ €22 მილიონს, ხოლო გირასის სანაცვლოდ €17.5 მილიონს მიიღებს.
ორივე ფეხბურთელთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, უახლოეს დღეებში კი 27 წლის მცველსა და 28 წლის ფორვარდს, სამედიცინო შემოწმების გასავლელად დორტმუნდში ელოდებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გირასს დორტმუნდის გარდა მილანის, ჩელსისა და არსენალის ვარიანტებიც ჰქონდა, თუმცა წინა სეზონის ერთ-ერთმა ყველაზე გამტანმა ფორვარდმა, ბუნდესლიგაში დარჩენა გადაწყვიტა.
შტუტგარტი რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ამ ორი ფეხბურთელის ძალიან დიდი დამსახურებაა. ანტონიმ 2023/24 სეზონში, 37 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გირასიმ 30 შეხვედრაში შეძლო საკუთრი გუნდის დახმარება — 28 წლის ფორვარდმა ამ დროში, არც მეტი, არც ნაკლები, 30 გოლის გატანა მოახერხა და 3 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.