დორტმუნდის სათამაშო ხარისხი ამ სეზონში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სწორედ ამიტომ კლუბში ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. სიგნალ იდუნა პარკის ბინადრებს ძალიან სუსტი სეზონი გამოუვიდათ, რასაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილიც კარგად ასახავს — ნიკო კოვაჩის გუნდი 25 ტურის შემდეგ, 35 ქულით, მე-10 პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულს არც მეტი, არც ნაკლები 7 ქულით ჩამორჩება.
ცუდი სეზონის ფონზე, დორტმუნდში დიდი ცვლილებები დაანონსდა. სეზონის ბოლოს შეიძლება სიგნალ იდუნა პარკი 10 ფეხბურთელმა დატოვოს.

სალიჰ ოშჩანი
ჯოვანი რეინა
იულიან ბრანდტი
მარსელ ზაბიცერი
ნიკლას ზიულე
ემრე ჯანი
იუსუფა მუკოკო
სებასტიან ალე
სუმაილა კულიბალი
ეს ფეხბურთელები კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ზაფხულში დორტმუნდი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. იმის მიუხედავად, რომ ამ სიაში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომელიც წლების განმავლობაში შავ-ყვითლების ლიდერი იყო, კლუბში ფიქრობენ, რომ თაობათა ცვლა დაგვიანდა და ზაფხულში სიტუაციის გამოსწორება იგეგმება.
ასევე გასარკვევია კერნი ჩუკვუემეკასა და ჯეიმი გიტენსის მომავალიც. პირველი მათგანი დორტმუნდში იჯარის წესით თამაშობს და ამ დრომდე უცნობია, მისი ჩელსიდან გამოსყიდვა იგეგმება თუ არა. რაც შეეხება გიტენსს, ახალგაზრდა ინგლისელი დორტმუნდის დატოვებას თავად განიხილავს. მეტიც, მის სიტუაციას ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებიან და თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, 20 წლის ვინგერი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.