21-წლამდე ევროპის ჩემპიონატამდე 1 კვირაა დარჩენილი. საქართველოს ნაკრები ავსტრიაში იმყოფება და მოსამზადებელ ეტაპს გადის. 5 ივნისს, ამხანაგურ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სლოვაკეთში გაემგზავრება და ჯგუფური ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.
ჩვენი ნაკრები ჯგუფში პოლონეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთადაა.
LaGazzetta.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტურნირის მოლოდინებზე ისაუბრა.
"მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს - დეკემბერში წილისყრის შემდეგ, როდესაც შევიტყვეთ ჩვენი მეტოქეების ვინაობა, თბილისში დაბრუნების დღიდან დავიწყეთ მზადება.
პირველი ეტაპი მოიცავდა კონკრეტულად სასელექციო მზადების პროცესს, ხოლო ბოლო ორი თვეა გადართული ვართ ჩვენი მოწინააღმდეგეების შესწავლაზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პოლონეთთან პირველ მატჩზე, რომელსაც გვინდა სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ."
ძირითად ბირთვს, ვინც ნაკრებში იქნება, მეტწილად სათამაშო პრაქტიკა აქვთ. თუ აკვირდებოდით მათ საკლუბო თამაშებს?
"მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აქვთ - ის საჭირო ტონუსი, რომელიც აუცილებელია ამ დონეზე სათამაშოდ. თუმცა, მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ გუნდის რამდენიმე ლიდერს სათამაშო პრაქტიკის მხრივ პრობლემები აქვს.
თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ სათამაშო დროის ნაკლებობის კომპენსირებას უკვე საწვრთნელ შეკრებაზე შევძლებთ, რადგან მათი ფორმის პიკში ყოფნა ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გვჭირდება."
საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ. როგორ შეაფასებდით შანსებს?
"დაგეთანხმებით, რომ ურთულეს ჯგუფში ვართ. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე მარტივი მეტოქე არ არსებობს. შანსების შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი როგორც ადრე, ისე ახლაც იქნება ის, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ და ამ კუთხით ჩვენ მენტალურ მდგრადობას დიდი მნიშვნელობა ექნება.
ამ განვლილ გზაზე, მთავარი იყო ალბათ ის, რომ ჩვენ ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ვიღებთ მონაწილეობას - ეს უკვე დიდი წარმატებაა და ისტორიის ნაწილია. 21-წლამდელების ეს თაობა, პირველი თაობაა, რომელმაც სპორტული დამსახურებით შეძლო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა."
ფეხბურთელები, რომლებსაც ასაკი ხელს უწყობთ, არა ეროვნულში, არამედ 21-წლამდეში იქნებიან. მაგალითად, გოგლიჩიძე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გუნდში სერია ა-ს გამოცდილების ფეხბურთელი გეყოლებათ?
"რა თქმა უნდა მისასალმებელია, ძალიან კარგია ის, რომ ყველა იმ ფეხბურთელის გამოყენების საშუალება გვექნება, რომლებიც რაღაც ეტაპზე ჩვენთან არ იყვნენ იმის გამო, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან.
ნებისმიერი მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელის გუნდში ყოფნა, ეს იქნება - გოგლიჩიძე, აზაროვი თუ სხვა მოთამაშე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში და მაღალი დონის კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა ეს ჩვენი დიდი პლუსი იქნება.
ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეების გუნდში ყოფნა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მთავარ ძლიერ მხარედ მაინც გუნდურობა და ის გუნდური პრინციპები რჩება, რომლებიც ჩვენთან დიდი ხანია არის დანერგილი."
დაცვის ხაზში დიდი კონკურენციაა. გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ლაცაბიძე და სხვები. ხომ არ განიხილავთ 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშს? მითუმეტეს, ჯგუფში ძირითადად მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში...
"გუნდში კონკურენცია დიდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა სათამაშო რგოლში. გვაქვს რამდენიმე პრობლემური პოზიცია, სადაც კონკურენცია შედარებით ნაკლებია.
რაც შეეხება გეგმებს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენ თავზე ვართ ორიენტირებულები - უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სათამაშო ფასეულობები, ფილოსოფია და სტილი შევინარჩუნოთ.
სათამაშო სისტემაზე ვიტყვი - ეს უკვე კონკრეტული თამაშის კონტექსტიდან და მოცემულობიდან გამომდინარე იქნება განსაზღვრული."
ხშირად გეძლევათ საშუალება შეკრებაზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყოთ. როგორია იქაური გარემო და გადაგაქვთ თუ არა ეს ყველაფერი უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში?
"დიახ, მე თვითონ არაერთხელ ვიმყოფებოდი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ამ სისტემას, ჩვენ ვუყურებთ როგორც ერთ დიდ საფეხბურთო ოჯახს, რომელიც ემსახურება საერთო საქმეს და ეროვნული გუნდების წარმატებას.
ეროვნულის და 21-წლამდე ნაკრების შერწყმა და ახლოს ყოფნა ბუნებრივია მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გვაქვს შემუშავებული ის საერთო გეგმა, რაც ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანზიციას და ადაპტაციის პროცესს ამარტივებს და ბოლოს წლებში ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ."
გაქვთ თუ არა კომუნიკაცია ვილი სანიოლთან და ცვლით თუ არა იდეებს, როგორ შეიძლება ვითამაშოთ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე?
"რა თქმა უნდა, კომუნიკაცია უნდა იყოს, პირველ რიგში, თავიდანვე, განსხვავებული მიმართულებების ფარგლებში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, კითხვას პრინციპში ზევით უკვე გავეცი პასუხი - მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს ჯგუფში უნდა ვითამაშოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი საფეხბურთო იდენტობა, ჩვენ ვიყოთ ორიენტირებულები და ყოველი თამაშის წინ გავითვალისწინოთ მოწინააღმდეგე, თუ ვინ გამოდის ჩვენ წინააღმდეგ სათამაშოდ."









