როგორც LaGazzetta.ge-სთვის გახდა ცნობილი, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ჯანაშია სინჯებზე ესპანეთის ლა ლიგის კლუბში, ლეგანესში იმყოფებოდა. 2-კვირიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, ცენტრალურმა მცველმა ლეგანესის მწვრთნელების მოწონება დაიმსახურა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ესპანურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ლუკა ლეგანეს B-ს შეუერთდება, თუმცა ზაფხულში, წინასასეზონო მზადებას მთავარ გუნდთან ერთად გაივლის და თავის წარმოჩენის შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა ექნება.
ფეხბურთელის მენეჯერის, დემნა ოზაშვილის კომენტარი LaGazzetta.ge-სთან: ,,წინა სეზონში ლუკა საფრანგეთში თამაშობდა და საკმაოდ კარგი სეზონიც ჰქონდა. ლეგანესში სინჯები აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყო და გუნდისგან დადებითი შეფასება მოგვივიდა. ზამთარში, ლუკა კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და დიდი იმედი მაქვს, მისი სახით საქართველოს კარგი ცენტრალური მცველი ეყოლება".
ლუკა ჯანაშიას კომენტარი LaGazzetta.ge-სთან: ,,ბედნიერი ვარ რომ თავის გამოჩენა შევძელი და ლა ლიგის გუნდში მოვხვდი. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. გამონაკლისი არც მე ვარ. რა თქმა უნდა, მსურს, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვითამაშო და ჩემს ქვეყანას დავეხმარო. მადლობა ამ შანსისთვის ლეგანესს და რა თქმა უნდა, ჩემს მენეჯერს".
ლუკა ჯანაშიას ფრანგული FAIG-ის გარდა, გაგრას და დინამო თბილისის აკადემიებში უთამაშია.