რეალ მადრიდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის გაძლიერებას აგრძელებს. მას შემდეგ რაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერი დაიხურა, სულ რამდენიმე წუთის წინ კლუბმა დინ ჰაუსენის გარიგებაც გააოფიციალურა. 20 წლის ცენტრალურმა მცველმა რეალთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. თუმცა, სამეფო კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, მადრიდელები ახალ მარცხენა მცველსაც დაიმატებენ და როგორც ჩანს, ჩაბი ალონსოს გუნდი კიდევ ერთ გარიგებას უახლოვდება.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რეალ მადრიდი უახლოეს საათებში ალვარო კარერასის ტრანსფერს დახურავს! დიახ, როგორც ირკვევა მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არის და 22 წლის ესპანელ მცველს სამეფო კლუბში უკვე ელოდებიან.
ალვარო კარერასს რეალ მადრიდის აკადემია აქვს გამოვლილი, საიდანაც 2020 წელს მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგდა. რამდენიმე იჯარის შემდეგ, ესპანელი მცველი ბენფიკაში აღმოჩნდა, სადაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მისი კარგი თამაში კი რეალ მადრიდში არავის გამორჩენია, შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება გადაწყდა.
მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ და თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ალვარო კარერასი რეალ მადრიდისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მესამე შენაძენი გახდება.















