საბოლოო მსჯელობის შედეგად, პარალიმპიური თამაშების პარაბირთვის კვრის სამსაჯო კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, ქართული მხარის პროტესტი დაკმაყოფილებულია და გიგა ოჩხიკიძის შედეგი აღდგენილია, შესაბამისად, ქართველს მსოფლიო რეკორდი და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონობა აღუდგა.
პარალიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე შედეგები აღდგენილია და გიგა ოჩხიკიძე კვლავ პირველია.
შეგახსენებთ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე გიგა ოჩხიკიძემ პარაბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა, თუმცა დაჯილდოების ცერემონია არ შემდგარა. ირანელთა და მოროკოელთა პროტესტი, ვიდეო განხილვის შემდეგ, მსაჯებმა დააკმაყოფილეს და ქართველის მხრიდან წესების დარღვევა დაადგინეს, რასაც საქართველოს დელეგაციის პროტესტი მოჰყვა და ხელახალი განხილვის შემდეგ, გიგას ჩემპიონობა და რეკორდი დაუბრუნეს.
გიგამ საქართველოს პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში მეორე ოქროს მედალი მოუტანა. აქამდე ერთადერთი ოქროს მფლობელი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური იყო, რომელმაც ჩემპიონობა 2016 წელს რიოში იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედლის მოპოვება შეძლო.
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ამ დროისთის 2 მედალი აქვს, პარიზში პირველი, ბრინჯაოს მედალი ქართველთაგან პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.