თავდაპირველად, ვარჯიში ფიტნესისთვის დავიწყე. როდესაც სავარჯიშო მსხალს პირველად დავარტყი ტრენაჟორები სულ დამავიწყდა. შემდგომ MMA-ით დავინტერესდი, კონორ მაკგრეგორის კარიერის პიკის პერიოდში, მაგრამ ბრძოლებს თვალს დიდად არ ვადევნებდი, უფრო მეტად ჰაილაითებს.
მებრძოლები, რომლებმაც შთაგაგონეს…
რთული კითხვაა, მებრძოლებს, ჩემი აზრით, შთაგონება გამუდმებით გვჭირდება ეს გარკვეულწილად მოტივაცია და ბიძგია. კი, MMA-ზე კონორისგან გავიგე, მაგრამ შთაგონება, რომ მე დიდ არენაზე ბრძოლა შემეძლო ჩემი გუნდელისგან და ახლა უკვე უახლოესი მეგობრისგან - ლევან მაყაშვილისგან იყო.
ლევანი UFC-ის პირველი ქართველი მებრძოლია და როდესაც ის მეუბნებოდა, რომ - საბა შენ შეგიძლია იბრძოლო - ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. საერთაშორისო ასპარეზზე კი მერაბსა და ილიას გამოვარჩევ. მათთან ერთად უნდა ვთქვა ჩარლზ ოლივეირა. მერაბი სამაგალითოა. ამდენი იშრომა და არ გაჩერდა, ილიას თავდაჯერებულობა ჩემთვის მისაბაძია.
უშუალოდ შენს კარიერაზეც გადავიდეთ. რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობ ახლა? გაქვს თუ არა გაფორმებული კონტრაქტი, რა ვადით და პირობებით არის?
ამჟამად UFC FIght Pass-ის სკანდინავიურ ორგანიზაცია FCR-ში ვიბრძვი. კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ორგანიზაციის პრეზიდენტ ზლატკო ოსტროგონაჩთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვფიქრობ, მალე გრძელვადიან კონტრაქტს გავაფორმებთ, ვნახოთ რა იქნება.

შენი განვლილი გზა მიმოვიხილოთ. დაწყება იყო შთამბეჭდავი - ზედიზედ 2 მოგება, თუმცა შემდეგ 3 წაგება. რა დაგაკლდა ბოლო ბრძოლების მოსაგებად, რა ვერ გაითვალისწინე და იმუშავე თუ არა შეცდომების გამოსწორებაზე?
ორი მოგების მოპოვება დროში ძალიან გამეწელა. საქართველოში ბრძოლის ჩანიშვნას ვერ ვახერხებდი. გარკვეული მიზეზების გამო ბევრი ორგანიზაცია უარს მეუბნებოდა. როგორც ყველგან, ამ საქმეშიც ვაწყდებით არაპროფესიონალიზმს, არაკეთილსინდისიერებასა და კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ამას დამატებული ისიც, რომ 21-22 წლის ასაკში ამხელა პაუზა ბევრ დამატებით პრობლემას ქმნის. ბრძოლისთვის მზადებას მუდმივი ვარჯიში სჭირდება, გჭირდება სამსახური, რათა სათანადო მომზადებისთვის შემოსავალი გქონდეს. მოგწონს ეს თუ არა, როდესაც მუშაობ ხშირ შემთხვევაში ვარჯიში უკანა ფლანგზე გადადის.

შესაბამისად, სწრაფი განვითარებისთვის გავრისკე, მაგრამ საერთოდ არ ვნანობ. Bellator-ის დაუმარცხებელ მებრძოლს შევხვდი, რომელიც ქიქბოქსინგში მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის კონორ მაკგრეგორის გუნდის წევრიც იყო. არ ვნანობ იმიტომ, რომ Bellator-ის დაუმარცხებელ მებრძოლთან, რომელიც ყველას პირველ რაუნდში ანოკაუტებს - 3 რაუნდი ვიბრძოლე და ვიგრძენი, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც გამოცდილების მიღების შემდეგ აუცილებლად დავამარცხებ.
ბრძოლა, რომელშიც მეორე მარცხი განვიცადე Fight of The Night-ად დასახელდა. აქაც იყო გარკვეული გამოუცდელობით დაშვებული შეცდომები. პირველ რაუნდში, როდესაც არალეგალური დარტყმა მომხვდა, დიდმა არენამ მაშინვე სტვენა დაიწყო, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ძალები ბოლომდე აღდგენილი არ მქონდა. ბრძოლა ნაადრევად გავაგრძელე ბრძოლა, რამაც ჩემზე უარყოფითი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ბრძოლა ექიმმა გამიჩერა.
შენი მომავალი მოწინააღმდეგე ჯაბა მურთაზალიევია. რა იცის მეტოქის შესახებ და რა მოლოდინი გაქვს მასთან ბრძოლისგან?
როგორც ვიცი, ჯაბა ხამზატ ჩიმაევის ბიძაშვილია. კარგად ჭიდაობს და დგომშიც ძალიან სანახაობრივია. წესით, 3 მარცხის შემდგომ მებრძოლები მარტივ მეტოქეს ეძებენ ხოლმე. ბევრმა მკითხა - რატომ ვეჩუბები ჩიმაევის ბიძაშვილს. ჩემი ფსიქოლოგია მარტივია, ან ხარ საუკეთესო ან არა. სუსტი და ნაკლებად კონკურენტული მეტოქის დამარცხებით საკუთარ თავს ვერაფერს დავუმტკიცებ.
როგორ ემზადები ბრძოლისთვის? სრულად მოგვიყევი შენი მოსამზადებელი პროცესის შესახებ.
ვფიქრობ, FCR-მა დააფასა ჩემი სანახაობრივი ბრძოლები და მოსამზადებლად საკმარისი დრო მომცა. ბოლო ბრძოლის შემდგომ ზლატკომ პირდაპირ მითხრა, რომ მომდევნო ივენთზეც ვიქნებოდი, შესაბამისად თბილისში ჩამოსვლისთანავე, მეორე დღიდან ვარჯიში განვაახლე. ჩემი მთავარ მწვრთნელი, უჩა კვერნაძე, ძალიან მეხმარება და როიალ ფიტნესში მავარჯიშებს.
სპარინგისთვის სხვადასხვა დარბაზებში დავდიოდი - ვეწვიე MEMETE-ს, Warriors Tbilisi-ს, ვეფხისტყაოსანს. იქ ძალიან კარგი ბიჭები არიან. საბოლოოდ, კემპი ბათუმში 2-კვირიანი სესიით დავასრულე., ბათუმში უმაგრესი პერიოდი გავატარეთ.
შენს გუნდზეც რომ მოგვიყვე. ვისთან ერთად ვარჯიშობ, მწვრთნელი, სპარინგ პარტნიორი და ა.შ.
ჩემი მთავარი მწვრთნელი უჩა კვერნაძეა, როგორც უკვე ვთქვი, მასთან ერთად საერთოდ განსხვავებულ მომზადებას გავდივარ, რეალურად კი ბევრ დარბაზში დავდივარ. ჩემი ძირითადი სპარინგ პარტნიორი ლევან კირთაძეა. ჩემი გუნდის განუყოფელი ნაწილია გიორგი კანკავაც, რომელიც ჩემი მეორე პროფესიონალური ბრძოლიდან მოყოლებული დღემდე ბევრ რამეს მასწავლის.
სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ. დასასრულს მიახლოებულ 2024 წელს გამართე 3 ბრძოლა...რას უნდა ველოდოთ შენგან 2025-ში?
ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ცოტას შევისვენებ. მარტისკენ გავმართავ შემდეგ ორთაბრძოლას. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ოქტაგონს გარეთ აქტიურად ხარ ჩართული სპორტულ მედია სივრცეშიც. La Gazzetta Georgia-ზე მიგყავს პოდკასტი, გაქვს საკუთარი გვერდი Sozza Fight Corner. ამ საქმიანობაზეც რომ მოგვიყვე.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე იყო. Covid-19-ის პანდემიის პერიოდში ფრილანსინგით დავკავდი. გამუდმებით ვწერდი საგანმანათლებლო სტატიებს ბრძოლებზე, ასევე სკრიპტებს, ბრძოლების ანალიზებსა და განხილვებს. ამის გაკეთება ქართულად სულ მინდოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად ძალიან რთულია.
მინდა, რომ ჩემი არხი მებრძოლებისთვის მოტივაციაც იყოს, რადგან მათ აუცილებლად გვერდში დავუდგები. ქართული MMA-ის სასიკეთოდ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ავიღებ. ასევე ვცდილობ MMA-ის სამყაროში მიმდინარე პროცესებზე ფანებს ამომწურავი და კვალიფიციური ანალიზი შევთავაზო.
დავუბრუნდეთ შენს კარიერას. სად ხედავ საკუთარ თავს MMA-ს სამყაროში 4-5 წელიწადში?
4-5 წელიწადში საშუალოდ 3 ბრძოლა რომ ვიანგარიშოთ, 12-15 ბრძოლა გამოდის. 10 ბრძოლაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ UFC-ის საგრძნობლად მივუახლოვდე. კარგად ვიცი როგორია ახლა ჩემი საბრძოლო რეკორდი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი რა შემიძლია.
ქართველებისთვის MMA-ის სამყაროში წარმატება უცხო ხილი აღარ არის. როგორ შეაფასებდი ქართველი ჩემპიონების განვლილ გზას და შენი აზრით, რომელ ქართველ მებრძოლებს შეუძლიათ მათი წარმატების გამეორება?
დაუჯერებელია, ამაზე ბევრ პოდკასტშიც ვისაუბრე. ადრე MMA-ის მებრძოლი UFC-ის თუ მიუახლოვდებოდა - დიდ მიღწევად ითვლებოდა. ახლა კი ჩემპიონებსა და ტიტულის დაცვებს ვითვლით. მერაბის გზა უბრალოდ დაუჯერებელია. როდესაც ბრძოლებს ვერ ვნიშნავდი არაერთხელ მიფიქრია, რომ მორჩა, MMA-ის თავი უნდა დავანებო სამსახური ვიპოვო.

ილიაც და მერაბიც ჩემპიონია, მერაბი მებრძოლია, რომელსაც შეიძლება ტექნიკა - მაგალითად დგომში ბრძოლა ზედმიწევით გამართული არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძვის და ბრძოლებს იგებს. ილია კი ხელოვანია, ხატავს. მისი კრივის კომბინაციები უნაკლოა. ასევე პარტერში პოზიციებიდან პოზიციებზე მისი გადასვლები უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია, ამას დამატებული ქართული გული და მებრძოლი სული, რაც ჯაი ჰერბერტთან დაპირისპირებაში მთელი სიდიადით გვიჩვენა.
არ მგონია მათი გზა ვინმემ გაიმეოროს, რადგან ილია და მერაბი უნიკალურები არიან. მათ ისტორია დაწერეს, მაგრამ იქნება ბევრი სხვა ქართველი, რომლებიც საკუთარ ისტორიას დაწერენ. ეს მათთვის ბევრად მარტივი იქნება, რადგან ილიამ და მერაბმა ის გზა გაკვალეს, სადაც აქამდე არცერთ ქართველს არ გაევლო.
ბოლოს კი დაგვისახელე შენი ყველა დროის TOP 5 MMA-ის სამყაროში…
ქართველებს არ შევეხები. ამ შემთხვევაში მხოლოდ მათ დავასახელებდი. უსამართლო ვიქნები თუ კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს არ დავასახელებ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ ორ მებრძოლს სათანადოდ არ აფასებენ. ეს სპორტი კონორმა შემაყვარა. ხაბიბი კი ძალიან ჭკვიანი მებრძოლია.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






