რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — რიკარდო კალაფიორი ბოლონიადან კარიერას არსენალში გააგრძელებს. მხარეებს შორის €50 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელი კი “მეთოფეებთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მიკელ არტეტა ახალ მცველს ეძებდა, რომელიც როგორც ცენტრს დაფარავდა, ისე ფლანგზეც შეძლებდა თამაშს, კალაფიორი კი ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ, კალაფიორის დამატებასთან ყველაზე ახლოს იუვენტუსი იყო. მას შემდეგ, რაც ტიაგო მოტამ ტურინული გრანდი ჩაიბარა, ჯუნტოლიმ იტალიელი მცველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, თუმცა სიტუაცია ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ფეხბურთელმა იტალიის ნაკრებში საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა, შესაბამისად, მისი დამატება სხვა გუნდებსაც მოუნდათ, არსენალმა კი ყველას აჯობა.
მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, 22 წლის ფეხბურთელს კი ლონდონში მომდევნო კვირაში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამ გარიგებიდან, კალაფიორის ყოფილი გუნდი ბაზელი, არც მეტი, არც ნაკლები €25 მილიონს მიიღებს, რადგან ფეხბურთელის უფლებების 50%-ს, სწორედ შვეიცარიული კლუბი ფლობს.