ერკუტ სოგუტი 44 წლის ბრიტანელ-გერმანელი მენეჯერი და იურისტია, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი კარგად იცნობს. სოგუტის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი 2013 წელს უკავშირდება, სწორედ იმ პერიოდს, როდესაც მესუთ იოზილი მადრიდის რეალიდან ლონდონის არსენალში გადაიყვანა. ტრანსფერი იმ დროისთვის, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გამოვიდა (დაახლოებით, €50 მილიონი).
სოგუტი ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს, საკუთარი სპორტულ-საგანმანათლებლო კომპანიის მმართველია, ასწავლის სხვებს თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სპორტულ ინდუსტრიაში თავი წარმატებით დაიმკვიდრო და ხელმძღვანელობს The Agents Week-ს, რომელიც ყოველ ახალ გამოცემაში, სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ბაზარს გვაცნობს.
“საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებამ - ევროპის ჩემპიონატმა, საფეხბურთო პეიზაჟი შეცვალა და უპრეცედენტო ენთუზიაზმი გააღვივა. ინტერესის ზრდამ ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარებას ხელი შეუწყო და დღეს, ეს ფეხბურთელები მუშაობას ევროპის ტოპ ლიგებში აგრძელებენ. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანა პერსპექტიულ წერტილად იქცა, რამაც ფეხბურთის მენეჯერებს ახალი გზა გაუხსნა.
მეტი ყურადღება ექცევა ქვეყნის ჩემპიონატს, ეროვნულ ლიგას, რომლის ხარისხიც უმჯობესდება. ცხადია, რომ ეროვნული ლიგა ტექნიკურად და ფიზიკურად კარგად ამზადებს ფეხბურთელებს, რომელთაც კონკურენციის არ ეშინიათ. ამ ზრდაში აღსანიშნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის როლია, რომელიც ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს დებს: აშენებს ახალ სტადიონებს, ცენტრებს და ფეხბურთელებისთვის უკეთესი პირობების შექმნას უზრუნველყოფს.
ქართული ფეხბურთის პროგრესის კიდევ ერთი მაჩვენებელი 21-წლამდე ნაკრების წარმატებაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელები საერთაშორისო სცენაზე გადადიან, აქ არსებული კონკურენცია კი მათ მზადყოფნას ტოპ ლიგებში სათამაშოდ, აძლიერებს”,-წერს The Agents Week-ი 49-ე გამოცემაში, რომელიც სრულად ქართულ ბაზარზე მოგვითხობს.
გამოცემის მეორე ნაწილი ქართულ სამენეჯერო-სააგენტო Bene Sport-ს დაეთმო, რომელიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების არაერთ ფეხბურთელს აერთიანებს. მათ შორის: ბუდუ ზივზივაძეს, გიორგი გოჩოლეიშვილს, ლაშა დვალს, გიორგი ქვილითაიას, ნიკა კვეკვესკირს, ლუკა გაგნიძეს, გიორგი გულიაშვილს, ნოდარ ლომინაძეს, ალექსანდრე კალანდაძეს, ლუკა ლაცაბიძეს, ალექსანდრე ფეიქრიშვილსა და სხვებს.
“Bene Sport-ს ირაკლი ლილუაშვილი წარმოადგენს, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. პრაქტიკული გამოცდილების გარდა, მან თეორიული ცოდნაც მიიღო. ფლობს მწვრთნელთა A, B და C ლიცენზიას და UEFA-ს აკადემიაში CFM კურსიც გაიარა. ქართველმა მენეჯერმა თანამედროვეობას ფეხი აუწყო, რადგან ეს სფერო განვითარებადი ინდუსტრიაა, რომელიც მუდმივ ადაპტაციასა და შრომას მოითხოვს.
ლილუაშვილი სხვადასხვა პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, კემპსა და გუნდების წინასასეზონო შეკრებას ესწრება, შესაბამისად, ფეხბურთელებზე დაკვირვება მისი მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სკაუტინგისადმი ალღო ლილუაშვილს საშუალებას აძლევს, მახვილით თვალით ნიჭიერი ტალანტი საწყის ეტაპზევე შენიშნოს. მასთან რამდენიმე გამორჩეულად პერსპექტიული ფეხბურთელი უკვე თანამშრომლობს. შესაბამისად, ლილუაშვილის მიერ გაწული შრომა ქართულ საფეხბურთო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია”.
The Agents Week-ის 49-ე გამოცემის გამოქვეყნების შემდეგ, La Gazzetta Georgia ირაკლი ლილუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად თურქეთშია და თვალს გუნდების წინასასეზონი მზადებას ადევნებს:
“მიხარია, რომ The Agents Week-ის 49-ე გამოცემა ქართულ ფეხბურთსა და Bene Sport-ს დაეთმო. მეამაყება, რომ ამ ინდუსტრიაში სულ რამდენიმე წელია, რაც გამოვჩნდით, თუმცა თავის დამკვიდრება მცირე დროში შევძელით. ეს რა თქმა უნდა, იმ დიდი შრომის შედეგია, რომელიც ყველამ ერთად გავწიეთ.
თანამედროვე მენეჯერი მხოლოდ ტრანსფერების დახურვაზე არ მუშაობს, ფეხბურთელის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ყოველდღიური ცხოვრება კი დამერწმუნებით, მხოლოდ ფეხბურთი ნამდვილად არ არის: ეს შესაძლოა, პრობლემები იყოს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება ან თუნდაც, ფსიქოლოგიური მზაობა, რომელიც ფეხბურთელს კარიერის სწორად წარმართვაში ეხმარება.
ამის გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ Bene Sport-ი უდიდეს ყურადღებას უთმობს სკაუტინგს, საუბარი მაქვს 15-წლამდე ფეხბურთელებზე. ეს ჩვენი მუშაობის აუცილებელი ნაწილია. ასევე, უკვე რამდენიმე თვეა, რაც Bene Sport-ი და საფეხბურთო მენეჯერი, ლაშა ოდილაძე გაერთიანდა და მიმაჩნია, რომ ამ კუთხითაც, ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობთ.
საფეხბურთო-სამენეჯერო საქმიანობა მუდმივად განვითარებადია, ამიტომ მეც, ყოველდღიურად სხვადასხვა სემინარსა და ვებინარს ვესწრები, სიახლეებს რომ არ ჩამოვრჩე”.
Bene Sport-ი 2020 წელს დაარსდა და ამჟამად 23 ფეხბურთელს აერთიანებს. Transfermarkt-ის მიხედვით, Bene Sport-ის მთლიანი შემადგენლობის ჯამური ღირებულება 15.05 მილიონი ევროა.