პოლ პოგბა თავისუფალი აგენტი სულ რაღაც ერთი კვირის წინ გახდა, ამ დროში კი ფეხბურთელი უკვე არაერთ გუნდს დაუკავშირეს. 31 წლის ნახევარმცველი მაიამიში ინდივიდუალურად აგრძელებს ვარჯიშს. ფეხბურთელს ახალ კლუბში გადასვლა 2025 წლის 1 იანვრიდან შეეძლება, მოედანზე გასვლა და ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობას კი მარტიდან შეძლებს.
პოგბას აგენტი, რაფაელა პიმენტა რამდენიმე კლუბს უკვე დაუკავშირდა და საკუთარი კლიენტი შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, განიხილავს თუ არა რომელიმე ტოპ კლუბი ფრანგის დამატებას. რაც ვიცით ისაა, რომ ფეხბურთელის სურვილია ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რათა ზაფხულის შესვენება კარგად გამოიყენოს და ფორმა რაც შეიძლება მალე აღიდგინოს.
ბოლო გუნდი რომელიც ფრანგ ფეხბურთელს დაუკავშირეს მარსელია. ლიგა 1-ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ, ამასთან დაკავშირებით კომენტარიც კი გააკეთა: "პოგბა? ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მინახავს. ძალიან მომწონს და მასზე მხოლოდ კარგის თქმა თუ შემიძლია, თუმცა პოტენციურ ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით, რადგან ახლა არაფერი ხდება."
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ზუსტად 38 დღეში გაიხსნება, უახლოეს კვირებში კი პოგბასთან დაკავშირებით სიახლეებს ველოდებით. ფეხბურთელი დასაბრუნებლად ემზადება და როგორც თავად აცხადებს, მისი კარიერა თავიდან დაიწყება.