გავლენიან იტალიურ და ბრიტანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება — როგორც ცნობილი ხდება, ატალანტას 26 წლის ნახევარმცველი ედერსონი დიდი ალბათობით წითელ ეშმაკებში გადაბარგდება. მეტიც, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებაც უკვე შედგა, ხოლო კლუბები გარიგების დახურვას უახლოეს დღეებში შეეცდებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი, რომ ედერსონით სერიოზულად ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველი ცნობები გასულ წელს გავრცელდა და, როგორც ჩანს, ოლდ ტრაფორდის ბინადრებს საქმის ბოლომდე მიყვანა სურთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და მისი დამატებით მანჩესტერ იუნაიტედის შუახაზი საგრძნობლად გაძლიერდება.
ედერსონის გარდა, მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებასაც გეგმავს, რადგან კაზემიროს გარდა, გუნდს მანუელ უგარტეც დატოვებს — შესაბამისად, მაიკლ კერიკს ცენტრში ორი ახალი ფეხბურთელი დასჭირდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, როგორც ედერსონის საკითხზე, ისე მანჩესტერ იუნაიტედის სხვა პოტენციურ ტრანსფერებზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














