ოფიციალურად - საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი საბა საზონოვი კარიერას ემპოლიში გააგრძელებს. ტორინოსა და ტოსკანურ გუნდს შორის შეთანხმება 1-წლიან იჯარაზე შედგა, გამოსყიდვის უფლებით. 22 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ემპოლიმ ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
საზონოვი ტორინოს ღირსებას 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს და ამ დროში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, სულ რაღაც 13 მატჩის ჩატარება მოასწრო. ფეხბურთელი იტალიურ გუნდს დინამო მოსკოვიდან €2.75 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ივან იურიჩთან გატარებული საკმაოდ მძიმე სეზონის შემდეგ, საბას პრობლემები, როგორც ჩანს, ისევ გაგრძელდა. 22 წლის ფეხბურთელს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი პაოლო ვანოლიც არ ენდობოდა, შესაბამისად, გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა.
ჩვენი ინფორმაციით, ემპოლის ფეხბურთელის გამოსყიდვა €4 მილიონად შეეძლება.