ზაფხულის პირველი ტრანსფერი — ევროპის ჩემპიონი და რეალ სოსიედადის 27 წლის ცენტრალური მცველი რობინ ლე ნორმანი კარიერას ატლეტიკო მადრიდში გააგრძელებს! მხარეებს შორის €39.5 მილიონიანი გარიგება შედგა. მას შემდეგ, რაც ატლეტიკო ჩალარ სოიუნჯუმ და სტეფან სავიჩმა დატოვეს, ჩოლო სიმეონე ახალ მცველს ეძებდა, ლე ნორმანი კი ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
მხარეები ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ თანხმდებოდნენ — შემდეგ იყო ევრო 2024 და გარიგება უფრო გააიწელა, თუმცა გუნდებმა საბოლოო შეთანხმებას სულ რამდენიმე საათის წინ მიაღწიეს. წარმოშობით ფრანგი მცველი, ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ესპანეთის გაჩემპიონობაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა. ევრო 2024-ზე ნაჩვენები კარგი პერფორმანსის შემდეგ, ლოგიკური იყო, რომ სოსიედადი რობინს ვეღარ შეინარჩუნებდა, ატლეტიკომ კონკურენტების ჩამოსაშორებლად, გააქტიურება გადაწყვიტა და ტრანსფერიც დაიხურა.
ლე ნორმანი რეალ სოსიედადს 221 ჩატარებული მატჩის შემდეგ ტოვებს. 27 წლის ფეხბურთელმა ამ დროში მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება მოახერხა.