ნეიმარი სანტოსში დაბრუნების შემდეგ, ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. 33 წლის ფეხბურთელმა უკვე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 2 გოლის გატანა მოახერხა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ყველა იმაზე საუბრობს, რომ ნეიმარი ისევ ბედნიერია და ფეხბურთის თამაშით კვლავ დიდ სიამოვნებას იღებს. ფეხბურთელის გეგმა, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, წარმატებულად დაიწყო.
თუმცა რა იქნება ზაფხულში, როცა ფეხბურთელი კვლავ თავისუფალი აგენტი გახდება? ამაზე პასუხი თავად ნეიმარს უკვე აქვს — ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება სურს! დიახ, ეს სიმართლეა და ამას როგორც გავლენიანი გამოცემები, ისე ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროებიც ადასტურებენ. ნეიმარი თვლის, რომ კატალონიურ კლუბში დაუსრულებელი მისია აქვს და ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს ბარსელონაში დასაბრუნებლად. როგორც The Athletic იუწყება, ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ბარსელონას უფროსობას შორის, პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი უკვე შედგა. როგორც ჩანს ესპანურ გრანდში ფეხბურთელის დაბრუნებაზე ფიქრობენ.
რამდენად რეალურია ბრაზილიელის უკან, კატალონიურ კლუბში დაბრუნება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ნეიმარის მომავალზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
შეგახსნებეთ, ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-2017 წლებში იცავდა. ბრაზილიელმა ამ დროში 186 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 105 გოლი და 76 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.