როგორც LaGazzetta.ge-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და დინამო თბილისის ყოფილ ნახევარმცველს, გიორგი მოისწრაფიშვილს კოვალივკას კოლოსში სამედიცინო შემოწმებისას ჯანრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც, დამატებითი გამოკვლევებისთვის ფეხბურთელს საქართველოში დაბრუნება მოუწია.
ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაიტარა და რამდენიმე დღეში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სრულ ინფორმაციას მიიღებს, რის შემდეგაც გადაწყდება დაბრუნდება უკრაინაში და კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს თუ კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებს.
LaGazzetta.ge-მ შეიტყო ისიც, რომ უკრაინის გარდა, წინასწარი შეთანხმებით ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარიანტები ესპანეთსა და დუბაიში აქვს.
ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა, დემნა ოზაშვილმა LaGazzetta.ge-ს დაუდასტურა.
დამატებით გეტყვით, რომ გასულ სეზონში, 22 წლის ნახევარმცველი, ბელგიურ ბევერენში იჯარის წესით თამაშობდა, თუმცა მშობლიურ კლუბში ნაადრევად დაბრუნდა. ბევერენის გარდა, მოისწრაფიშვილს იჯარის წესით ეროვნული ლიგის თელავში უთამაშია, ხოლო კარიერის დანარჩენი, სრული პერიოდი, აკადემიიდან-მთავარ გუნდამდე, დინამო თბილისში გაატარა, რომელთან ერთადაც: 2021/22 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა და მოიგო საქართველოს სუპერთასი - 2022/23.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია დინამო თბილისის ფოტოები