თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა,
ტეო ერნანდესი სეზონის ბოლოს მილანს აუცილებლად დატოვებს. კლუბმა ფრანგი განაპირა მცველის გაყიდვა ჩემპიონთა ლიგაზე, ფეინოორდთან დასანანი მარცხის შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ტეომ პირდაპირი მნიშვნელობით გუნდი დააღალატა. ამ ყველაფერს ემატება კონტრაქტის ამბავიც — იტალიური კლუბი და ფრანგი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. შეგახსენებთ, ერნანდესს მილანთან არსებული ხელშეკრულება 2026 წლამდე აკაშირებს, მილანში კი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურთ. "როსონერი" ტეოს დაახლოებით €30-35 მილიონად აფასებს.
მილანში ტეო ერნანდესის პოტენციური შემცვლელის ძიება დაიწყეს და როგორც ჩანს, ორი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უკვე დადასტურდა.
მაქსიმ დე კუიპერი
მილანის ინტერესი ბრიუგეს 24 წლის განაპირა მცველის მიმართ დადასტუდა. როგორც ირკვევა, "როსონერი" ბელგიელ ფეხბურთელს უკვე რამდენიმე წელია აკვირდება და უფროსობის აზრით, მისი კანდიდატურა გუნდს გააძლიერებს.
დე კუიპერი ბრიუგეს აკადემიის აღზრდილია, 2020 წლიდან კი პირველ გუნდში თამაშობს. ფეხბურთელმა ამ დროში 98 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 6 გოლი და 21 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. მაქსიმი ბეგლიის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია.
ბრიუგე ახალგაზრდა მარცხენა მცველს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს.
რაიან ეიტ-ნური
ვულვზის 23 წლის მარცხენა მცველი, რომელზეც პრემიერ ლიგის გულშემაკტივრები მთელი სეზონის განმავლობაში საუბრობენ, მილანისთვის საინტერესო კანდიდატურაა. ალჟირელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია. უახლოეს კვირებში, ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან პირველი კონტაქტი შედგება.
ეიტ-ნური ვულვზის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 145 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 11 გოლი და 13 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელი ალჟირის ეროვნული ნაკრების წევრია.
"მგლები" ახალგაზრდა განაპირა მცველს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ მილანი სხვა ვარიანტების განხილვასაც დაიწყებს. "როსონერი" ტეო ერნანდესის გასაშვებად ემზადება.