იმის მიუხედავად, რომ ტოპ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ბაზარზე ბევრი საინტერესო თავისუფალი აგენტი მაინც რჩება — ამ სიაში იყო მემფის დეპაიც, რომელმაც ატლეტიკო მადრიდი 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. 30 წლის ნიდერლანდელ ფორვარდს არაერთ გუნდს უკავშირებდნენ და როგორც ახლა ირკვევა, ყველას კორინთიასმა აჯობა!
ფეხბურთელი ბრაზილიაში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმების მეორე ნაწილს გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ატლეტიკო მადრიდში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 2 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ფეხბურთელის დამატებას რაიო ვალეკანო, სევილია და საუდის გუნდები ცდილობდნენ, თუმცა დეპაიმ კორინთიასის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.