იტალიური პრესა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — მარიო ბალოტელი შესაძლოა იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს! ვეტერანი იტალიელის დამატებას ჯენოა ცდილობს და როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ტრანსფერზე გენუური გუნდის მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო პირადად მუშაობს. ჯენოას მთავარ მწვრთნელსა და ბალოტელის შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.
34 წლის ფორვარდმა ადანა დემირსპორი 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. წინა თვეებში ბალოტელის არაერთ გუნდს უკავშირებედნენ, თუმცა ფეხბურთელი ამ დრომდე უგუნდოდაა.
იტალიელ ფორვარდს სერია ა-ში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, კერძოდ უთამაშია ინტერში, მილანში, ბრეშასა და მონცაში. ამ 4 გუნდში ბალოტელიმ ჯამში 196 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 72 გოლი და 25 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ჯენოას გარდა საქმეშია ტორინოც, რომელიც დუვან ზაპატას შემცვლელს ეძებს, თუმცა ფავორიტი მაინც გენუური გუნდია. უახლოეს დღეებში, ბალოტელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.