ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც ორი დღეა დარჩენილი, შესაბამისად ჩვენი ყურადღება ქართული ტრანსფერებისკენაა მიპყრობილი. როგორც უკვე რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, იანვარში მოსალოდნელია რამდენიმე ქართული გარიგება — ამ სტატიაში კი
ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც კრემონეზეს დასატოვებლად ემზადება.
ქართველი ფეხბურთელის აგენტი რამდენიმე საათის წინ იტალიაში ჩაფრინდა, სადაც კრემონეზეს უფროსობას შეხვდა. 26 წლის მცველს მაგიდაზე რამდენიმე შემოთავაზება უდევს, თუმცა გამოსარჩევია ორი თურქული კლუბი — გაზიანთეფი და რიზერსპორი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ცდილობენ! თურქეთის სუპერ ლიგის წარმომადგენლები ლოჩოშვილს საკმაოდ სოლიდურ ხელფასს, ხოლო კრემონეზეს დაახლოებით €2 მილიონამდე სთავაზობენ.
ფეხბურთელს კრემონეზეს დატოვება სურს, ამის შესახებ იტალიურ კლუბში კარგად იციან და მას ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან. უახლოეს დღეებში ლუკა ლოჩოშვილის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.