ყველამ ვიცით ლუიშ ფიგუს სკანდალური ტრანსფერის შესახებ მადრიდის რეალში ბარსელონადან, რის შემდეგაც ის ყოფილი გუნდის გულშემატკივრებს შორის ყველაზე საძულველ პიროვნებად იქცა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ისტორია აქტუალური გახდა ახლაც, როცა კატალონიელები ერთ-ერთ ბანკთან სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდნენ.
საუბარია Revolut-ის შესახებ, რომლის სარეკლამო სახე სწორედ ყოფილი პორტუგალიელი შემტევი აღმოჩნდა. ბანკისთვის მიძღვნილ ვიდეოში "სამეფო კლუბის" ექს-ვინგერი საუბრობს, თუ როგორი საჭიროა ადამიანისთვის ცვლილებები და ის, რომ ფულს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს შორის განრისხებას გამოიწვევს. გარიგება არ შედგა, თუმცა Revolut-ს ეს არ უშლის ხელს, რომ ფეხბურთში ახალი პარტნიორები გაიჩინოს. მაგალითად, ბერნაბუეს მკვიდრთა ყოფილი მე-10 ნომრის გარდა, ბრიტანული ბანკი მანჩესტერ სიტისა და კომოსთან თანამშრომლობს.












