ლივერპულში მერსისაიდელი ფეხბურთელების საუკუნოვანი ტრადიცია ესტაფეტასავით გადადიოდა. ძველი თაობის ლეგენდებიდან სტივ მაკმანამანსა და რობი ფაულერზე...შემდეგ, ჯეიმი კარაგერზე, სტივენ ჯერარდზე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და კერტის ჯონსზე. "წითლების" მთავარ გუნდში ადგილობრივი მოთამაშე აღარ დარჩა.
დიახ, არის ჰარვი დევისი, თუმცა ის ამ მომენტისთვის ითვლება მეხუთე მეკარედ, ვინც ენფილდზე შემაკავშირებელი ხიდი გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ვერ იქნება. ანდონი ირაოლას განკარგულებაში არიან სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მერსისაიდში დაბადებულნი ისინი არ არიან.
ბოლო ასეთი ფეხბურთელი იყო ჯონსი, ვინც ცოტა ხნის წინ მილანის ინტერში გადავიდა. ის წლების განმავლობაში რჩებოდა ლივერპულის ერთგულ ჯარისკაცად, როგორც იურგენ კლოპის, ისე არნე სლოტის მუშაობის დროსაც, რომელსაც მშობლიური კლუბის მაისურით 220-ზე მეტი შეხვედრა დაუგროვდა.
ინგლისელი ნახევარმცველი განთქმული იყო თავისი შრომისმოყვარეობით, საქმისადმი ერთგულებითა და უნივერსალიზმით - ის თამაშობდა ყველგან, სადაც "წითლებს" სჭირდებოდათ. შუახაზით დაწყებული, განაპირა მცველობით გაგრძელებული და ვინგერობით დამთავრებული... კერტისთან ერთად, საკადრო პრობლემა უბრალოდ არ არსებობდა.
ენფილდის ბინადრების ყოფილი ნახევარმცველის ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოოდ ის მაინც ვერ გახდა სტაბილურად სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე. 25 წლის შუახაზელით ავსებდნენ პრობლემურ ზონებს, მისი დახმარებით იქმნებოდა გარდატეხა, მაგრამ უშუალოდ მის გარშემო ლივერპული არასდროს ტრიალებდა.
დომინიკ სობოსლაის, ალექსის მაკ ალისტერის, რაიან გრავენბერხისა და ფლორიან ვირცის შემდეგ, მერსისაიდული გუნდის ყოფილი მე-17 ნომერი შუახაზში აღმოჩნდა მე-5 არჩევანი, რასაც ის ვერ შეეგუა. ჯონსის ახალი სახლი იქნება "ნერაძური", "წითლების" ქომაგები კი ახალი სქაუზერის მოლოდინში დარჩნენ.












