ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად სულ რამდენიმე საათის წინ გაიხსნა, ევროპის კლუბები კი პოტენციურ ტრანსფერებზე უკვე ფიქრობენ. გალათასარაი, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობს, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაცნობეთ. სტამბოლელებმა ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ პირველი შეთავაზებაც გააკეთეს, თუმცა ფრანგებმა დაბლოკეს. საუბარი იყო დაახლოებით €17 მილიონზე.
ლიონი ლიგა 1-ის მომდევნო ტურში მონპელიეს დაუპირისპირდება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კი გიორგი მიქაუტაძემ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"ლიონში 6 თვის წინ მოვედი და გუნდის დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. მე მხოლოდ ლიონზე ვფიქრობ და მომდევნო მატჩისთვის ვაგრძელებ მზადებას. სატრანსფერო ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ."
იმის მიუხედავად, რომ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს, გუნდი ყველა ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს. ფრანგული კლუბი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €25 მილიონად აფასებს, შესაბამისად თუ რომელიმე გუნდი ამ თანხას არ გადაიხდის, მიქაუტაძე დიდი ალბათობით საფრანგეთში დარჩება.