ხულიან ალვარესი მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავს — 24 წლის არგენტინელი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ახალ გამოწვევაზე ფიქრობს. "ქალაქელებს" ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ, თუმცა თუ რომელიმე გუნდი ალვარესის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, შეიძლება მხარეებმა თანამშრომლობის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადონ.
დადასტურებული ინფორმაციით, ალვარესის მიმართ ინტერესს ატლეტიკო მადრიდი და პსჟ იჩენენ. მადრიდული გრანდი ალვარო მორატას შემცვლელს ეძებს, ხოლო პარიზელები ახალი ცხრიანის ძიებაში არიან.
კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ფეხბურთელი შვებულებაში გავიდა - სიტის სურვილია, ფეხბურთელის აგენტებთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. ალვარესს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი, მინიმუმ, €70 მილიონია.