საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩში, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად, ქალაქ რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, რუევიცაზე, პენალტების სერიაში მოიგო (6-7) და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.
LaGazzetta.ge საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და დინამო ბათუმის მეკარეს, ლუკა ხარატიშვილს დაუკავშირდა, რომელიც რიეკაში, პენალტების სერიის გმირად იქცა და ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.
ნაკრებსა და პენალტების სერიაზე:
“ჩვენი ნაკრები შეკრული და მიზანდასახულია. მთელი გუნდი ცდილობს, რომ სათამაშო დისციპლინა არ დაარღვიოს. აქედან გამომდინარე, სასურველ შედეგებზე გავდივართ.
ვიცოდით ხორვატიის წინააღმდეგ რა მნიშვნელობის თამაში გველოდა, რადგან მეორე მატჩში, რიეკაში დიდი უპირატესობით არ ჩავსულვართ.
გაცნობიერებული გვქონდა, რომ წინ ურთულესი შეხვედრა გველოდა. წინასწარ ყველა სცენარზე ვიფიქრეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პენალტების სერიაზეც - მატჩისწინა ვარჯიშებზე თერთმეტმეტრიანებზე ვიმუშავეთ. ვუყურე მატჩებსაც, სადაც მეტოქოს ფეხბურთელები პენალტებს ასრულებდნენ. პატარა ფურცელი მქონდა, ფეხბურთელებს ნომრით ვცნობდი და ვიცოდი, რომელი ფეხბურთელი რომელ კუთხეში დაარტყამდა”.
რამაზ სვანაძეზე:
“მატჩების წინ, რამაზ სვანაძე გამუდმებით გვეუბნებოდა, რომ თუ მოვიგებდით, ამით მთელს საქართველოს უდიდეს ბედნიერებას მივანიჭებდით.
ჩვენს მთავარ მწვრთნელს სამოტივაციო სიტყვების პოვნა, გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება და დაბალანსება შესანიშნავად შეუძლია. ისე მოგამზადებს, ისე განგაწყობს, გახვალ მოედანზე და რაც შეგიძლია ან არ შეგიძლია, შენი გუნდისთვის, შენი ქვეყნისთვის, ყველაფერს გაიღებ".
გულშემატკივარზე:
“გადამწყვეტ მატჩს ხორვატიაში ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ასევე, უდიდესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც რეგიონებსა და თბილისში, ჩვენს საშინაო მატჩებზე დადიოდა. მათ თანადგომას შესარჩევის პირველივე მატჩიდან ვგრძნობდით. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაცია და ძალა იყო, აქამდე მოსასვლელად".
სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე:
“ვირწმუნეთ, ერთმანეთის გჯეროდა. ევროპის ჩემპიონატამდე დიდი გამოცდილება მივიღეთ და სლოვაკეთში თავდაჯერებულები ჩავალთ.
წინასწარ საუბარი არ მიყვარს, თუმცა მჯერა, რომ ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ".

ტურნირის დებულების მიხედვით, 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდა და 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გარდა, პლეიოფის გავლით, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი და ფინეთი გავიდნენ. ასევე, ევრო 2025-ზე ითამაშებენ: სლოვაკეთი (მასპინძელი), დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ტიტული ბათუმში ჩაიბარა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.
ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი, ბრატისლავა უმასპინძლებს, სადაც 16 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთში გაიმართება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები