კარლსრუე და ბუდუ ზივზივაძე ახალ კონტრაქტზე უკვე ერთი თვეა რაც მუშაობენ. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი ნოემბრის დასაწყისში შედგა, რა დროსაც გაირკვა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა სურდა. 30 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა კარლსრუე ფორვარდის შენარჩუნებას გეგმავს.
როგორც ცნობილი გახდა, კარლსრუე ბუდუს კონტრაქტს 2027 წლამდე სთავაზობს. განიხილება ხელფასის საგრძნობლად გაზრდაც. ამჟამად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს წლიური ხელფასი €450 000 აქვს. თუმცა აქ არის მეორე ფაქტორიც — 30 წლის ფორვარდს ბუნდესლიგაში თამაშის დიდი სურვილი აქვს და იმის მიუხედავად, რომ კარლსრუეში ბედნიერია, არის შანსი სეზონის ბოლოს მხარეებმა სამომავლო გეგმებს გადახედონ. კარლსრუე 15 ტურის შემდეგ, 23 ქულით, მე-9 პოზიციაზე იმყოფება, გუნდის მთავარი მიზანი კი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა.
ბუდუ გერმანულ გუნდში 2023 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ქართველმა ფეხბურთელმა ამ დროში 59 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 24 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.