დადასტურებულად — კარლსრუე და ბუდუ ზივზივაძე ახალ კონტრაქტზე მუშაობენ! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც ირკვევა, ქართველ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს. საუბარია კონტრაქტის მინიმუმ 2-წლით გახანგრძლივებასა და ხელფასის საგრძნობლად გაზრდაზე.
ზივზივაძის არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, კარლსრუეს კი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურს. თუმცა აქ არის მეორე ფაქტორიც — 30 წლის ფორვარდს ბუნდესლიგაში თამაშის დიდი სურვილი აქვს და იმის მიუხედავად, რომ კარლსრუეში ბედნიერია, არის შანსი სეზონის ბოლოს მხარეებმა სამომავლო გეგმებს გადახედონ. კარლსრუე 12 ტურის შემდეგ, 20 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება, გუნდის მთავარი მიზანი კი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა.
ბუდუ გერმანულ გუნდში 2023 წლიდან მოყოლობეული თამაშობს. ქართველმა ფეხბურთელმა ამ დროში 55 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.