უკვე ბევრი ითქვა იმის თაობაზე, თუ როგორი კონკურენტული დივიზიონია UFC-ის მსუბუქი წონა. ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი, მაურისიო რუფი და სხვები. სადაც არ უნდა გავიხედოთ, 70 კილოგრამში ყველგან ვარსკვლავურ მებრძოლს წავაწყდებით.
ჯასტინ გეიჯის სახით, მსუბუქ დივიზიონს ჩემპიონიც ხმაურიანი ჰყავს, თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ოქტაგონში დაბრუნებას ვეტერანი მებრძოლი არ ჩქარობს. ქამრის მოპოვების შემდეგ, ამერიკელს არ გაუკეთებია ერთი ამბიციური განცხადებაც კი, რომელიც შესაძლოა მომავალი ოპონენტის ვინაობასთან ყოფილიყო კავშირში.
იმის ნაცვლად, რომ "ჰაილაითმა" აირჩიოს ქართველ ყოფილ ჩემპიონსა და სომეხ ქონთენდერს შორის რომელიმე, ის გამუდმებით იმეორებს თუ როგორ დაიღალა...არ იცის, რა იქნება მომავალში და საერთოდაც, თუ იჩხუბებს კიდევ, საკითხავია. ცხადია, 37 წლის მებრძოლის აღნიშნული მიდგომა არ აწყობს პრომოუშენს, მითუმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, ასეთ კონკურენტულ წონაში.
გეიჯიმ განმარტა, რომ წლის ბოლომდე "ელ მატადორთან" ბრძოლაში მიღებულ ტრავმებს მოიშუშებს და დაისვენებს, რის საშუალებასაც UFC მართლაც მისცემს მას, მაგრამ შემდეგ? 2027-სთვის ამერიკელი მებრძოლისთვის იქნება 3 ვარიანტი: ქამრის დაცვა თოფურიასთან ან "ახალქალაქელთან", ტიტულის ვაკანტურად გამოცხადება იმისთვის, რომ დივიზიონი არ შეფერხდეს და კარიერის დასრულება.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ჯასტინი ამ მომენტისთვის მესამე ვარიანტს უფრო ემხრობა. ცოტა ხნის წინ, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 37 წლის ასაკში აღაფერი აქვს დასამტკიცებელი და შეიძლება აღარც იჩხუბოს. "ჰაილაითს" ის ფაქტიც არ აბრკოლებს, რომ მის ანგარიშზე ქამრის დაცვის მაჩვენებელი 0-ს უდრის.
















