აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.

წილისყრამ გამოარკვია, რომ ისტორიულ პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება.
მომავალი მატჩების წინ LaGazzetta.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ივიცა ოლიჩთან ჩაწერა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელია.

- საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შესანიშნავი ორგანიზებულობა და ტექნიკური უნარები აჩვენა. იმ ფაქტმა, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ისეთ ნაკრებზე წინ დაასრულა, როგორიც შვედეთია, ამ გუნდის ხარისხს ადასტურებს. ეს ყველაფერი შესანიშნავი შედეგების გაგრძელებაა: 21-წლამდე ნაკრებების ბოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ძალიან ძლიერ ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავა, ხოლო EURO 2024-ზე, გერმანიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სასიამოვნო სიურპრიზი იყო. შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველო პატივისცემას იმსახურებს.
ვფიქრობ, პლეი-ოფის მატჩების დროს ფოკუსირება ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა მოვახდინოთ, რათა მეტოქის სისუსტეებით სარგებლობა შევძლოთ.
- მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე როგორი იქნება თქვენი სტრატეგია, კორექტივების შეტანას თუ გეგმავთ?
- პლე-ოფის მატჩების გათვალისწინებით ვგეგმავთ, რომ ბალანსირებული მიდგომა ვისწავლოთ, რომელიც ორიენტირებული ორგანიზებულ, ძლიერი დაცვასა და სწრაფ, კრეატიულ შეტევაზეა. რა თქმა უნდა, ჩვენი თამაშის ხარისხის გვჯერა, თუმცა ეს ხარისხი მოედანზეა გადასატანი, რაც ერთადერთი და ნამდვილი საზომია.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი ნაკრებიდან პლეი-ოფის მატჩებში გადამწყვეტ როლს ვინ ითამაშებს?
- რომელიმე ფეხბურთელის ცალკეულად გამოყოფა არ მსურს, რადგან მჯერა, რომ ჩვენი ნაკრების თითოეული ფეხბურთელი თამაშში მნიშვნელოვანი როლს ასრულებს. თითოეულ მოთამაშეს გუნდისთვის უნიკალური თვისებები, სიძლიერე აქვს და მატჩების შედეგს მათი გუნდური ძალისხმევა გადაწყვეტს. ჩვენი ნაკრების თითოეული ფეხბურთელის მჯერა და მაქვს რწმენა, რომ ისინი ამ ერთიანობით წარმატებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
- საქართველომ ასაკობრივ ნაკრებებში შესამჩნევი პროგრესი აჩვენა, ეს მატჩებისადმი თქვენს მიდგომას ცვლის?
- მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემთ. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთზე წინ დაასრულა, რაც მათი პროგრესის მაჩვენებელია. ვნახეთ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა როგორ დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი მაშინ, როცა მისი მეტოქეები: პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია იყო. ეს ყველაფერი შესანიშნავად ვიცით და ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი მეტოქეა. ნამდვილად რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა იმ ამბიციას, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გვსურს, არ ვმალავთ.

- როგორც 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რას ფიქრობთ, როგორია ახალგაზრდული ნაკრების მნიშვნელობა ეროვნულ ნაკრებთან მიმართებით?
- ვფიქრობ, რომ 21-წლამდე ნაკრების მისია ეროვნული ნაკრებისთვის ძლიერი ფუნდამენტის შექმნა და ისეთი ფეხბურთელების მიწოდებაა, რომლებიც უმაღლეს დონეზე მზად როგორც ტექნიკურად, ისე ფსიქოლოგიური კუთხით იქნებიან, ეს კი ქვეყნის მთავარ ნაკრებთან სამწვრთნელი უნარების, ტაქტიკისა და მენტალიტეტის სინქრონიზაციას ნიშნავს.
- მაღალი წნეხის დროს (მაგალითად, როგორც პლეი-ოფებია), როგორ ახერხებთ ფეხბურთელების განვითარებისა და შედეგების ბალანსს?
- ფეხბურთელების განვითარებასა და შედეგებს შორის სწორედ ბალანსის პოვნაა უმნიშვნელოვანესი. ფეხბურთელებისთვის საგანმანათლებლო გარემოს ვქმნით, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი თავის გამოხატვას და რეალიზებას შეძლებს, თუმცა ასევე, მათში კონკურენტუნარიან მენტალიტეტს ვნერგავთ.
- გამოყოფდით რამდენიმე ტალანტს ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებიდან, რომლებიც შემდეგში ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გახდებიან?
- ხორვატია ნიჭიერი ტალანტებით გამორჩეული ყოველთვის იყო და შემდეგ ეს ტალანტები ეროვნულ ნაკრებში ხვდებოდნენ. მაგალითად: იოშკო გვარდიოლიმ, ლუკა სუჩიჩიმ, მარტინ ბატურინამ და პეტარ სუჩიჩმა სწრაფი პროგრესი აჩვენეს.
- წარმატებული საფეხბურთო კარიერა სამწვრთნელ საქმიანობაში გეხმარებათ?
- ჩემი საფეხბურთო გამოცდილება მეხმარება უკვეთ აღვიქვა ახალგაზრდა სპორტსმენები რა წნეხის წინაშე დგანან და ვცდილობ, რჩევები გავუზიარო ასეთ წნეხს როგორ გაუმკლავდნენ. ამის გარდა, გუნდური პრინციპებისა და დისციპლინის მნიშვნელობას ვუზიარებ, რაც წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჩემი მთავარი გზავნილი თითოეული ფეხბურთელისთვის სწორედ ესაა: ფოკუსირდნენ ვარჯიშზე, შრომაზე, საკუთარ სხეულსა და უნარებზე, დაეხმარონ გუნდს გამარჯვების მიღწევაში.
- ტექნიკური უნარების გარდა, რომელი თვისებებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებში ეძებთ?
- ტექნიკური უნარების გარდა, ფიზიკურ მზაობას და შრომისადმი განსაკუთრებულ მონდომებას ვეძებ. ამის გარდა, თანამედროვე ფეხბურთში ადაპტირებისა და სწრაფად სწავლის უნარები ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელი მოედანზე და მის გარეთ, მაქსიმალური ძალისხმევის გაღებისთვის მზად უნდა იყოს.
21-წლამდე ნაკრებში ჩემი ხედვა თანამედროვე ფეხბურთს უკავშირდება, რომელიც ხორვატული სტილითაა ნაკარნახევი. მინდა, რომ აგრესიულები ისე ვიყოთ, დაცვასა და შეტევით ფაზებში ორგანიზებულობა არ დავკარგოთ. ხორვატიისთვის დამახასიათებელი ბურთის ფლობაა და ეს კარგად გამოგვდის. ჩვენი მიზანი დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლაა.
- საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებებს ხშირი დაპირისპირებები არ აქვთ. ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, საქართველოში ფეხბურთის განვითარების შესახებ როგორია თქვენი წარმოდგენა?
- როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ქართული ფეხბურთის განვითარებამ ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. საქართველომ აკადემიებსა და მწვრთნელებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, რაც ტექნიკურ თამაშსა და ტაქტიკურ განვითარებაში ნათლად გამოჩნდა. ცხადია, რომ ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე ადგას.
- საინტერესოა, როგორ ამზადებთ თქვენს გუნდს გასვლითი მატჩების წინ, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა, რადგან აქ გულშემატკივარი განსაკუთრებით ემოციურია...
- მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩავდივართ და რომელ ქვეყანაში ვთამაშობთ, რადგან მატჩების წინ მზადება ყოველთვის ერთნაირია: ყურადღება ჩვენი თამაშის გეგმაზე, მის დაცვასა და ფსიქოლოგიური მზაობის შენარჩუნებაზე მახვილდება.
საქართველოში ატმოსფეროს შეგრძნებას მოუთმენლად ველოდები. მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამ ენერგიას მოერგებიან. ამ ვნებას მოედანზე უნდა ვუპასუხოთ.

- რას ნიშნავს ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში?
- ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი მიღწევა იქნებოდა. ეს არ მხოლოდ ჩვენს თავდაჯერებულობას გაზრდიდა, არამედ, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების სისტემის ძალას აჩვენებდა, რაც გზას მომავალ წარმატებებს გაუხსნიდა.
- ევროპის მასშტაბით ახალგაზრდული ფეხბურთი პოპულარული სულ უფრო და უფრო მეტად ხდება. როგორ ხედავთ მომავალში 21-წლამდე ნაკრებების ტურნირების განვითარების ტენდენციებს?
- ვხედავ, რომ 21-წლამდე ნაკრებების გათამაშებები მეტად კონკურენტუნარიანი ხდება, რადგან ახალგაზრდულ ფეხბურთში ინვესტიციებს სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა დებს, ეს კი თამაშის დონეს გაზრდის და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მეტ შესაძლებლობებს შექმნის, რათა საკუთარი ნიჭი ფართო აუდიტორიას უჩვენონ.
- თქვენი დიდებული კარიერა გქონდათ და სხვადასხვა ლიგაში გითამაშიათ. ამ გადმოსახედიდან საკუთარ ახალგაზრდა ,,მე"-ს რა რჩევას მისცემდით?
- ჩემს ახალგაზრდა ,,მე"-ს ვეტყოდი, რომ ყველა სიტუაციას შეეწყოს, თითოეული გამოცდილებისგან ისწავლოს - ისწავლოს როგორც წარმატებისგან, ისე წარუმატებლობისგან, რადგან ამ მოგზაურობაში უმთავრესი გამძლეობა და ადაპტირებაა.
- მომავალ პლეი-ოფის მატჩებში თქვენი თაობიდან ერთი ფეხბურთელის დამატება რომ შეგეძლოთ, ვის აირჩევდით?
- ლუკა მოდრიჩს ავირჩევდი. ლუკა კვლავ აქტიურ ფეხბურთშია და ის ნამდვილად უბადლოა. უბრალოდ შეხედეთ იმას, რასაც 39 წლის ასაკში როგორც ეროვნული ნაკრებში, ისე მადრიდის რეალის ფორმით კვლავ აკეთებს.
მჯერა, რომ პლეი-ოფის მატჩებში მოდრიჩი დიდი განსხვავებას შემოიტანდა. მისი გამოცდილება, ხედვა და ლიდერობა მოედანზე ფასდაუდებელია. ლუკას ჩვენთან ყოფნა ჩვენი წარმატების შანსებს უდაოდ გაზრდიდა.

ჩვენი გუნდი ხორვატიის წინააღმდეგ პირველ მატჩს 15 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, ხოლო 19 ნოემბერს სტუმრად, ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩავა.
მომავალი მატჩებისთვის რამაზ სვანაძის 24-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
დისციპლინარული სანქციების გამო (ყვითელი ბარათები), ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფის პირველ მატჩს გუნდის კაპიტანი, საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი, ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ.
15 ნოემბერს, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხზე 19:00 საათიდან დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი TKT.GE-ზეა.













