ინტერის წარმატებული სვლა ამ სეზონშიც გრძელდება. სიმონე ინძაგის გუნდი 3 ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას — "ნერაძური" სერია ა-ს ლიდერია, რასაც ემატება ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალში გასვლა და იტალიის თასზე ნახევარფინალამდე მიღწევაც. სიმონე ინძაგის პროექტი სრული სვლით წინ მიიწევს, თუმცა ახლა გუნდის ამ სეზონის მიღწევებზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმ ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც სეზონის ბოლოს ინტერს დატოვებენ.
მარკო არნაუტოვიჩი, ხოაკინ კორეა, ტაიონ ბიუქენანი — ეს ფეხბურთელები ზაფხულში ინტერს 100% დატოვებენ. რაც შეეხება დავიდე ფრატეზის, კრისტიან ასლანისა და მეჰდი ტარემის, კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. ინტერში ფიქრობენ, რომ თაობათა ცვლა დაგვიანდა, შესაბამისად, ზაფხულში მოსალოდნელია, რომ ბევრი 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი გუნდს დატოვებს.
და ბოლოს, 3 ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც სიმონე ინძაგისთვის ამ დრომდე შეუცვლელია. ფრანჩესკო აჩერბი, მატეო დარმიანი და ჰენრიკ მხითარიანი — დღევანდელი მოცემულობით, ეს ფეხბურთელები ინტერში კიდევ ერთ სეზონს გაატარებენ, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, შესაძლებელია რომელიმე მათგანის მიმართებაში კლუბის გადაწყვეტილება შეიცვალოს.