იმის მიუხედავად, რომ დანიელ მალდინი მონცას სრულფასოვანი ფეხბურთელი სულ რაღაც სამი თვის წინ გახდა, ფეხბურთელი კარიერაში ახალი ნაბიჯისთვის უკვე ემზადება. 23 წლის შემტევის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენენ, როგორებიც არის ინტერი, იუვენტუსი და ატალანტა. სამივე ეს კლუბი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მალდინის დამატებას შეეცდება. მათი ინტერესი რეალურია და მზად არიან ფეხბურთელის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ.
დანიელ მალდინი მილანში, თავისი ოჯახიდან ბოლო წარმომადგენელი იყო — "როსონერიმ" ახალგაზრდა ფეხბურთელი ზაფხულში სრულიად უფასოდ გაასხვისა და იტალიელის უფლებების მხოლოდ 50% დაიტოვა.
მალდინიმ მონცას რიგებში ამ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს მონცასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს, მის კონტრაქტში კი ორი გამოსასყიდი თანხა წერია — ერთი, რომელიც იტალიური კლუბებისთვის არის განკუთვნილი, კერძოდ €12 მილიონი, მეორე კი უცხოური კლუბებისთვის, €15 მილიონი.
მალდინის ხილვა ინტერში ან იუვენტუსში ძალიან უცნაური იქნება, თუმცა ფეხბურთში უკვე ყველაფერი შესაძლებელია...