ბარსელონაში ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. კლუბი რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდი ახალი მეკარის დამატებას არ აპირებს. #1 ნომერი კვლავ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება. რაც შეეხება მეორე ნომერს, კლუბში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს — ბარსელონა ვოიცეხ შესნის ახალ 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, ხოლო ინიაკი პენია გუნდს დატოვებს.
ჰანსი ფლიკის სურვილია გუნდში უფრო გამოცდილი კადრი დარჩეს, შესაბამისად, კლუბი ვოიცეხ შესნის შენარჩუნებაზე მუშაობას იწყებს. ამას ემატება ინიაკი პენიას სურვილიც — ესპანელ მეკარეს მეორე ნომრობა არ სურს, შესაბამისად ბარსას დატოვებას თავადაც ფიქრობს. კლუბში ფინანსურ მხარეზეც ფიქრობენ, რადგან ესპანელ კიპერს კატალონიურ გუნდთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ბარსელონას კი 26 წლის ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურს.
ამ მომენტისთვის უცნობია კვლავ სურს თუ არა ვოიცეხ შესნის კარიერის გაგრძელება, თუმცა პოლონელმა უკვე იცის, რომ ბარსელონას მისი შენარჩუნება უნდა. რაც შეეხება ინიაკი პენიას, ესპანელის მიმართ ინტერესს მისი ყოფილი გუნდი გალათასარაი იჩენს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად კი მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც.